ცესკოს მონაცემებით,თამარ ხიდაშელი ირმა ინაშვილს 87 ხმით უსწრებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოს 50 უბნიდან ამ დროისთვის 48 უბნის მონაცემები დათვალა.

მონაცემების მიხედვით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს საარჩევნო ოლქში კვლავ კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხიდაშელს ხმა 6967-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 48.02 %-ს შეადგენს.

მეორე ადგილზე – 47,48 %-ით (6880 ხმა) “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილია, შემდეგი პოზიციები კი ასე ნაწილდება:

მიხეილ ანდღულაძე – 1,67 %,

გიორგი დავითაია – 2.3 %,

ზურაბ ჯორბენაძე – 0,45 %.

ამ დროისთვის კვლავ დაძაბული ვითარებაა უჯარმაში, საგარეჯოს N13-ე უბანზე, სადაც ხმების დათვლა მიმდინარეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას ხელი არ შეუშალონ.

ჟვანიამ შესაბამისი მოწოდება ცესკოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და განსაკუთრებით უჯარმაში შეკრებილ პირებს მიმართა.
“მინდა მოვუწოდო უჯარმაში შეკრებილ პირებს და პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართულნი, ნუ დაძაბავენ სიტუაციას და ნუ შეუშლიან ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, მითუმეტეს, რომ დღევანდელმა საარჩევნო პროცესმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. მე-13-ე უბანზე ახლა მიმდინარეობს, როგორც ამ უბნის, ისე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნის შედეგების დათვლა. იქ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაცია. მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს და პირიქით, ხელი შეუწყონ რომ დღევანდელი არჩევნები დასრულდეს მშვიდად, ისევე როგორც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button