პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ შეზღუდულია პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა.
მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.
„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ისევ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. 2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი – ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი გადაეცემა პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არსებითად ვერ ცვლის პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს, რადგან ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამ ჭრილში ხსნის.
“მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადოს და შესარჩევი კომისია შექმნას საქართველოს პრეზიდენტმა, შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატურები წარუდგინოს პარლამენტს.
ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილე და აღჭურვილი იყოს სათანადო უფლებამოსილებებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც ეხება ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, ეს უფლებამოსილება განახორციელოს თავმჯდომარის იმ არაპარტიულმა მოადგილემ, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი, ცესკოში ოპოზიციის კვოტით დანიშნულმა მოადგილემ.
ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, „საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის პირველ მაისამდე გამოაცხადოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის პირველ მაისამდე გადის და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები“.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. მას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 6 წავიდა. მიღებული კანონით ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
ოპოზიცია აცხადებდა, რომ ამ კანონპროექტით მმართველი გუნდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის დაქვემდებარებაში აქცევს. მათი თქმით, მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.