მნიშვნელოვანისიახლეები

9 წლით ციხეში-ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნეს

ლაზარე საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის

რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო. ეს დანაშაულები შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ლაზარე, რომელიც დასკვნით სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო, განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში დაესწრო. მას დარბაზში მყოფი ადამიანები ტაშით შეხვდნენ.
მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით);
187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით).
„ეს იყო ერთ-ერთი სამარცხვინო, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი განაჩენი“, – უთხრა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ პრეზიდენტს დღესვე მიმართავენ თხოვნით, შეიწყალოს ის.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად – სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე.

31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
გასულ სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიჩნევს.
ოჯახი აპირებს დაუყოვნებლივ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. საქმე გასაჩივრდება ზედა ინსტანციაშიც.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button