,,ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს,,-კობახიძე
ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდნენ თავისთან ოთახებში წაახალისეს მისი შემოპარვა საქართველოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას, – რომელიც „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით მიიღეს 25 აპრილს, – „ჩალის ფასი აქვს“. იგი აგრძელებს შეთქმულების თეორიის გავრცელებას, რომლის თანახმადაც, „ევროპარლამენტარების უფროსებს ხელისუფლების ხელოვნურად შეცვლა უნდათ“.
კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციას უწოდა „დეჟავიუ“ [შეგრძნება, რომ მომენტი, რომელიც აწმყოში მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში] და განაცხადა: „ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს“.
კობახიძის მტკიცებით, „კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, იცოდნენ, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს, აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას“.
„მაშინ მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც საუბარი იყო, მათ შორის, დამნაშავეთა გათავისუფლებაზე, მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს 26 აპრილს.
პრემიერ-მინისტრმა ამის შემდეგ შეთქმულების თეორია გაავრცელა და თქვა, რომ „ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია“.
„თუმცა თქვენ გახსოვთ, რომ ეს რეზოლუციები ფარატინა ქაღალდებად დარჩა, ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და ქვეყანამ, მართალია, იმ წლის ივნისში არა, მაგრამ მომდევნო წელს მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „აქაც, როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა, რომ ოქტომბერში დაიწერება [ევრო]კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება“.
„როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს“, – გაიმეორა კობახიძემ.
მისი თქმით, რეზოლუციის „მთავარი მიზანი არის იმ პროცესების ხელშეწყობა, რაც ჩაუვარდათ 2022 წელს“:
„ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების უფროსებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში იმისთვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა“.
„ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია. დღეს 60%-ს აჭარბებს ჩვენი ნდობა. ამას უნდა შეეგუოს ყველა, მათ შორის ოდიოზური ევროპარლამენტარები“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოში დაიწყო დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც „საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ“ შეთქმულების თეორიებს ეფუძნება.
მანამდე, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციას „სამარცხვინო მაკულატურა“ უწოდა.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია, რომელსაც არასავალდებულო ხასიათი აქვს, ამბობს, რომ:
საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება;
დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს;
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
„აგენტების კანონი“, – ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, – პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს – 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის – რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდნენ თავისთან ოთახებში, წაახალისეს მისი შემოპარვა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან.
პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი.
„რაც შეეხება ამ რეზოლუციას, მგონი, ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდა თავისთან ოთახებში, წაახალისა მისი შემოპარვა საქართველოში. ფაქტობრივად, გასწირეს ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის ზუსტად ამ ევროპარლამენტარებმა, რომლებსაც ვხედავთ ტელეეკრანებზე. ეს ის პარლამენტარები არიან, რომლებიც შემდეგ ამერიკაში ლობისტების რეესტრში აღმოჩნდნენ, რომ ამერიკელი ლობისტები ამზადებენ რეზოლუციის ტექსტებს მათთვის. ჩანს პირდაპირ, რომ აქ ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან. რაც შეეხება რეზოლუციას, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა, როგორც დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არაფერი ამ მხრივ აქ სიახლე არ არის. არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება და პირადი ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ და ბოლო რამდენიმე კვირა, რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში, ცდილობენ, გამოიყენონ, რათა თავს დაესხან ქართველ ხალხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სამწუხარო არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამოყენებულია იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის, ამ შემთხვევაში დეპუტატის მხრიდან.
„ეს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს თავად ევროკავშირს, ევროკავშირის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალში, ვინაიდან როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ინსტიტუცია თავს ესხმის ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ნეგატივს ჩვენს მოსახლეობაში და აზიანებს თავად ევროკავშირის სახელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. შესწორებებში ასევე მოთხოვნილი იყო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ის, რომ ევროკომისიამ, შეაფასოს რუსული კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე.