ბასილაშვილმა ტაი-ბრეიკებზე გაიმარჯვა
ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) საწყისი რაუნდი დასძლია, თუმცა, იოლად ნამდვილად არ უმარჯვია.
ქართველი ჩოგბურთელი თავის მოწოდებაზე არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და საბოლოოდ, ფრანგ ალექსის მუსიალეკთან ორივე სეტში ტაი-ბრეიკის თამაში დასჭირდა – 7:6 (7:2), 7:6 (7:0). თამაშში, რომელიც ზუსტად ორ საათს გაგრძელდა, ბასილაშვილმა 3 ეისი მოაწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 16-დან 5 ბრეიკ პოინტი გამოიყენა და თავადაც მოწოდება 5-ჯერ დათმო.
ამ გამარჯვების წყალობით, ნიკოლოზმა 10 სარეიტინგო ქულა შეიმატა, მერვედფინალში კი ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას გაეჯიბრება, რომელმაც ტურნირს მე-4 ნომრად განთესილი ალბერტ მონტანესი გამოთიშა.
დღესვე, ბასილაშვილს წყვილთა ტურნირის მატჩი ელის. ის და ბელარუსი ალექსანდერ ბური მე-2 რეიტინგის მქონე ჩინელ გონგს და ტაივანელ პენგს ეთამაშებიან.