ნეპალელი ფეხბურთელები სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულეს
ნეპალის საფეხბურთო ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს ბრალს სამშობლოს ღალატში სდებენ – ისინი ეჭვმიტანილნი არიან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში გარიგებული მატჩის ორგანიზებაში.
ხელისუფლების განმარტებით, ეჭვმიტანილი მოთამაშეები სამი კვირის წინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც გამომძიებლებმა მათ საბანკო ანგარიშებზე დიდი თანხები აღმოაჩინეს. ფეხბურთელებს ბრალი ფულის სანაცვლოდ მატჩების განზრახ წაგებაში დასდეს, საქმე კი 8 ნოემბერს დარეგისტრირდა. ბრალდების მხარე დაკავებულთა სამუდამო პატიმრობით დასჯას ითხოვს.
დაკავებულთა შორის არიან – ნაკრების კაპიტანი საგარ ტაპა, მეკარე რიტეშ ტაპა და ასევე, ყოფილი მწვრთნელი კეისი ანჯანი. ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ მათ უკვე აუკრძალა მოედანზე გამოჩენა გამოძიების დასრულებამდე.