მნიშვნელოვანისიახლეები

17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და უქმე დღედ გამოცხადდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს დღე ასევე უქმე დღედ გამოცხადდება.

„17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს 10 წელია უკვე აღინიშნება და უქმე დღედ გამოცხადდება. ეს ცვლილებები დღეს დაინიცირდება და ყველასთვის საჯარო იქნება. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ, ხოლო, საშემოდგომო სესიაზე უკვე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ ვისაც სურს დისკუსიის მონაწილე იყოს, გახდეს. როგორც საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში ჩვენ ვნახეთ მოქალაქეების მხრიდან სრული მხარდაჭერა, 17 მაისს გამართული მასშტაბური აქცია ფაქტობრივად, ამ კანონის მხარდაჭერის სახალხო რეფერენდუმი იყო. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ვალდებულება, რომ შეასრულოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება“,-განაცხადა პაპუაშვილმა

.პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულება მოსახლეობის უმრავლესობის ნების შესრულებაა. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო პაკეტი დააინიციირა. 1 ძირითადი – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” და მისგან გამომდინარე 18 კანონპროექტი. ცვლილებები შევა სამოქალაქო და შრომის კოდექსებში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში.

პარლამენტის სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ძირითადი ასპექტები განმარტა.

შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს ცვლილებების განხილვაში მაქსიმალური ჩართვისკენ მოუწოდა, თუმცა ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას არ აპირებს.

საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის კუთხით არსებული საფრთხეების პრევენცია – ასე ხსნიან მმართველ გუნდში ცვლილებების მიღების აუცილებლობას. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა.

პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების კანონმდებლობით მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ, ახალი პროექტით, ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდასთან დაკავშირებული საფრთხეები.

ძირითად კანონსა და შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და უქმედ გამოცხადდება. პროცედურების მიხედვით, უმრავლესობა საგაზაფხულო სესიაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს. საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას კი, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button