ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა-,,რუსული კანონის,, კიდევ ერთი მძიმე შედეგი
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან ააახლოებს.

როდესაც საქმე ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, გაეყინათ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, მისი სახელწოდებაა „ევროპის სამშვიდობო ფონდი“, (EPF) – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად.
„ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ. ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 10-ჯერ მეტია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობას. ჩვენი, ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება ამ პირდაპირი მხარდაჭერის თანდათან შემცირების შესახებ, მისი მიმართულების შეცვლის და სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც, როგორც ვიცით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში ამ დროისთვის „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გამო“, – აღნიშნა ელჩმა.
შეგახსენებთ „ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) – 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
„დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო…
[ევროკავშირის ლიდერები] საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ“, – თქვა ელჩმა.პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ უხსნიდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა „აგენტების კანონის“ მიღებას:
„ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებდნენ, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა“.
მაისში მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით 85 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.
იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან ააახლოებს.
დამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.