მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პარიზში 2024 წლის ოლიმპური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშებმა სტარტი აიღო. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში პარიზია

პარიზი ოლიმპიური თამაშები გახსნა საფრანგეთი ისტორიული ცერემონიისთვის მზად არის. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საფრანგეთის დედაქალაქია, სადაც პირველად, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, სტადიონის ნაცვლად, მდინარე სენაზე გაიმართება. ზღაპრული, უნიკალური და შთამბეჭდავი – ასეთ სანახაობას ჰპირდებიან მაყურებელს ოლიმპიადის ორგანიზატორები.

პარიზში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. სპორტსმენების მიერ გასავლელ მარშრუტს სნაიპერები აკონტროლებენ. დაკეტილია მიმდებარე მეტროსადგურები და რამდენიმე ხიდი. პარიზის თავზე მხოლოდ ცერემონიისთვის გათვალისწინებული თვითმფრინავები იფრენენ. დაკეტილია პარიზის მთავარი ქუჩები. ადგილობრივებმა ქალაქის უჩვეულოდ ცარიელი უბნები ლოკდაუნსაც კი შეადარეს. დედაქალაქს 15 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

ქალაქის უსაფრთხოებას, 10 ათასობით ფრანგი პოლიციელის გვერდით, მსოფლიოს 43 ქვეყნიდან ჩამოსული სამართალდამცველი უზრუნველყოფს, მდინარე სენას 6 კილომეტრზე კი 40 000 დამცავი, სპეციალური ღობე-ბარიერია დამონტაჟებული. პრესა წერს, რომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ რაოდენობის პოლიციელთა მობილიზება დედაქალაქში არ ახსოვთ. პარიზში რკინიგზის სადგურებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. მიზეზი ჩქაროსნული რკინიგზის რამდენიმე ობიექტზე კოორდინირებული თავდასხმა გახდა. გაუქმებულია რეისების ნაწილი.

33-ე ოლიმპიური თამაშების 4-საათიან გახსნის ცერემონიას 300 000-ზე მეტი მაყურებელი ეყოლება. ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიო ლიდერებს, სპორტსმენებსა და შოუბიზნესის ვარსკვლავებს. შოუს 80-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. ოლიმპიელები მდინარე სენას, ნავებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაკვეთენ, გაივლიან პარიზის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსა და ლუვრს. ცერემონიას, ტროკადეროს მოედანზე, მუსიკალური შოუ და მხატვრული წარმოდგენა დაასრულებს.

უკვე მეორე დღეა, პარიზში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება. პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სახელმწიფო ლიდერებს ემანუელ მაკრონმა, ელისეს სასახლეში, მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. ღონისძიებაზეა საქართველოს პრეზიდენტიც. პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა საზეიმო მიღებას ლუვრში, მანამდე კი, ირაკლი კობახიძემ, სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სამიტში – “სპორტი მდგრადი განვითარებისთვის”.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი – მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი – ნახევარ მილიონს, ბრინჯაოს პრიზიორი კი 250 ათას ლარს მიიღებს. პრემიერთან ერთად, საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრიც. თეა წულუკიანი ქართველ სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა.

ოლიმპიური მედლებისთვის 206 ქვეყნის 10 ათასზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს. სპორტის 9 სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორისაა: ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა. საქართველოს დელეგაცია 4 ოლიმპიური ჩემპიონით იასპარეზებს, რომელთა შორისაც არიან ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური, ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე. სწორედ ნინო სალუქვაძესა და ლაშა ტალახაძეს ერგოთ, პარიზში, დელეგაციის მედროშეობის პატივი.
ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს.

პარიზის ოლიმპიური თამაშები, ოფიციალურად, დღეს გაიხსნება და 11 აგვისტოს დასრულდება.

პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიანტთა სია:

1.​ ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
2.​ ლაშა გურული (კრივი)
3.​ გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)
4.​ გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.)
5.​ ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.)
6.​ გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
7.​ გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
8. ​რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
9.​ რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
10.​ ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)
11.​ სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
12.​ ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
13. ​შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)
14.​ ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ.)
15.​ ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ.)
16.​ გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, -60კგ.)
17.​ ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.)
18.​ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73 კგ.)
19.​ ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ.)
20.​ ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ.)
21.​ ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ.)
22.​ გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)
23.​ ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ).
24. ​ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო, -63 კგ.)
25.​ სოფიო სომხიშვილი (ძიუდო, +73 კგ.)
26.​ ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა – რბენა, 100 მ.)
27.​ ანა ნიჟარაძე (ცურვა, ბატერფლაი, 100 მ)
28.​ ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ)
ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.

გახსნის ცერემონია მდინარე სენას გასწვრივ ტარდება, ის აუსტერლიცის ხიდიდან იწყება და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა გახსნა.

26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი იასპარეზებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button