მნიშვნელოვანისიახლეები

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს“ მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულობა აქვს,,-ენათმეცნიერი მარინა ბერიძე

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის მესამე დღეს, რომელზეც ე.წ. აგენტების საქმეს განიხილავენ, ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს უსმენენ. ის პროცესზე ერთ-ერთი მოსარჩელე მხარის, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მიწვევით იმყოფება.

შეკითხვაზე, საზოგადოებაში, როგორ აღიქმება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მარინა ბერიძემ უპასუხა, რომ ამ ტიპის შესიტყვება მხოლოდ უარყოფითი, მძიმე, შემაშინებელ ეფექტს იძლევა.

„ინტერესების გამტარებელი თუ მას არ დავუმატეთ რაიმე დადებითი მნიშვნელობის სიტყვა, ის ვერ ინარჩუნებს დადებით მნიშვნელობას… ინტერესების გამტარებელი აუცილებლად უნდა იყოს ვიღაცის ან რაღაცის ინტერესების გამტარებელი“, – თქვა მან.

ენათმეცნიერმა დაამატა, რომ ტერმინი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი სალექსიკონო სიტყვისგან, რომ ის არ უნდა იწვევდეს გაურკვევლობას, არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი განმარტებები.

„რიგითი ქართველისთვის ეს ტერმინები არის მხოლოდ მტრული ორგანიზაციის მონიშვნის საშუალება“, – აღნიშნა ბერიძემ და განმარტა, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი აღქმა და დამყარებულია ემპირიული მასალის კვლევაზე.

მარინა ბერიძემ უპასუხა ტერმინ აგენტის შესახებ დასმულ შეკითხვასაც. მისი თქმით, კანონის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული „აგენტის“ შეცვლის („უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“) შემდეგ, მისი ფუნქცია არსად წასულა და დარჩა კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში.

„კიდევ უფრო მეტი ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა, „აგენტმა“, „გამტარებელს“ შეიძლება, კიდევ შეენარჩუნებინა ნეიტრალური მნიშვნელობა, რომ არ გამხდარიყო ის „აგენტის“ სინონიმი… ჩვენი ნება არ არის, რას ავსახავთ და რას არა ენაში, წელიწად-ნახევრის განმავლობაში კი არა, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ „გამტარებელს“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება აგენტის სტატუსი, – თქვა ბერიძემ და ილია ჭავჭავაძის სიტყვის პერიფრაზი მოიხმო, – „კაცს კაცი აღარ ჰქვია თუ კაცური არ დავამატეთ“ – აგენტს დაზღვევის არ ჰქვია თუ არ დავამატეთ დაზღვევის“.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა გრძელდება. სასამართლო უკვე მესამეა დღეა საქმეს განიხილავს.

დღეს, სასამართლო ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს მოუსმენს. ის განხილვაზე სპეციალისტის სახითაა მიწვეული და კანონში საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ტერმინოლოგიის გამოყენებაზე ისაუბრებს.

გარდა ამისა, მხარეები ერთმანეთს კითხვებს დაუსვამენ.

სასამართლოში საკითხს განიხილავს პლენუმი მოსამართლეების შემადგენლობით. პლენუმის შემადგენლობაშია მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის სხდომას ვერ ესწრება.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.

სასამართლოში ოთხი სარჩელია დარეგისტრირებული: საქართველოს პრეზიდენტის, 112 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის; 38 პარლამენტარის; ორი მედიასაშუალების. ყველა ეს სარჩელი გაერთიანდა და ერთ საქმედ განიხილება.

29 აგვისტოს გაირკვა, რომ კანონის წინააღმდეგ მეხუთე სარჩელიც შევიდა, რომელიც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას ეკუთვნის, თუმცა ის ჯერ არ დარეგისტრირებულა.

გარდა ამისა, მოსარჩელეები ითხოვენ, რომ რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეები მხარეებს კითხვებს დაუსვამენ. ამის შესახებ გუშინ სხდომის დასრულებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა. ამასთან ტურავას თქმით, ერთმანეთს კითხვებს დაუსვამენ მხარეებიც. ტურავა ვარაუდობს, რომ განმწესრიგებელი სხდომები 31 აგვისტოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი, სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.

თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს.

აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button