მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნისკენ

ცესკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, გახსნილიყო საარჩევნო უბნები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ:
ნათია სულავას განცხადებით, სტრასბურგში საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას, რადგან სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით საქართველოს მოქალაქე და საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს მინიმუმ 400 მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

“დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ 7 ახალი საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, გახსნილიყო საარჩევნო უბნები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში.

ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე ასევე, იქნა განხილული საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი, თუმცა კომისიამ ეს საკითხი არ დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, რომელიც გაგზავნილ იქნა ცესკოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, უარი ეთქვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ასახელებდა იმ გარემოებას, რომ საზღვარგარეთ უბნის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. უარის ერთ-ერთი მიზეზი ასევე, იყო უსაფრთხოების საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და ელჩებისგან მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებით.

იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით მოქალაქე და იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება მინიმუმ 400 საქართველოს მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს ჩვენს ემიგრანტებს შეუფერებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება.” განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ.

სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი სიორიძის განცხადებით, სტრასბურგში არის ამომრჩევლების ის რაოდენობა, რაც საარჩევნო უბნის გახსნას ითვალისწინებს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კი უბნის გახსნა დიპლომატიურ წარმომადგენლობაშიც მოხდებოდა. მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარებაში შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტის კავშირების გამოყენება.

სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ სტრასბურგის საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საერთოდ არ შედიოდა. გადაწყვეტილება არაა მიღებული არც ისრაელის საარჩევნო უბანთან დაკავშირებით.
ცესკომ დღეს, 11 ოქტომბერს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი გახსნა. დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება: ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე შეეძლებათ ხმის მიცემა.

განახლებული მონაცემებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button