მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისში ქალების მარში იმარეთება -მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სასახლესთან დასრულდება

თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშირისო დღე ტრადიციული მარშით აღინიშნება. მარშის მონაწილე ქალები დღის სამ საათზე შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე და აპირებენ მსვლელობას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის მიმართულებით სოლოლაკის ქედზე. მსვლელობის დაწყებამდე ქალები სიტყვით გამოდიან.
ქართველი ქალები წელს ემიგრაციაზე აკეთებენ აქცენტს, ვინაიდან თვლიან, რომ “გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე.”
მარშის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ჩემოდნები წარწერებით: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”.

კავშირი “საფარის” ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ისინი წაიკითხავენ მანიფესტს და მოუწოდებენ, წავიდეს.

“თავისუფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიკრიბებით აქ და რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს. მარშით მივალთ ოლიგარქთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილი დღეს გვეუბნება, რომ, ვისაც არ მოსწონს ავტოკრატიული საქართველო, შეუძლია წავიდეს, მაგრამ ჩვენ ქალები დღეს ჩემოდნებით მივადგებით ბიძინა ივანიშვილს და ვეტყვით, რომ ჩვენ ვრჩებით და მისი წასვლის დროა! ჩვენ გვექნება სიტყვით გამოსვლები. მანქანა დაგვეხმარება იმაში, რომ ეს სიტყვით გამოსვლები მარშის პარალელურად იყოს. უკვე ოლიგარქის სასახლესთან (ვნახოთ, სადამდე მიგვიშვებს პოლიცია) იქნება პერფორმანსი, წავიკითხავთ ჩვენს მანიფესტს და ოლიგარქს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ წავიდეს. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

“ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავალისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს” – ეწერა ქალთა მარშის ანონსში.

“რუსების მონებად არ გაგვიჩენია შვილები”, “შენ წადი, ჩვენ ვრჩებით”, “საქართველო მონატრებული დედის გარეშე” – ამ წარწერებით არიან მისულები მარშში მონაწილეობისთვის.
ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს განცხადებით გამოეხმაურა დღეს ევროკავშირის ელჩიც საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია დუმილისა და ტაბუს დარღვევა იმისათვის, რომ ქალებმა აღარ იცხოვრონ შიშით.

24 ნოემბერს ქალთა მარშის გარდა დაგეგმილია მასწავლებლების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მსვლელობაც ილიას უნივერსიტეტიდან თსუ-ს მიმართულებით. მსვლელობას გამართავენ არტისტებიც რუსთაველის მეტროდან თსუ-მდე. საღამოს 9 საათისთვის კი მოქალაქეები პარლამენტთან აპირებენ შეკრებას ღამისგასათევად, რათა ხელი შეუშალონ მე-11 მოწვევის პარლამენტარებს პირველ შეკრებაზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “კოალიცია ძლიერი საქართველო”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“. ევროპარლამენტის წინ ხვალ ემიგრანტები “ქართულ კარავს” გაშლიან. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ. ქართველი ემიგრანტების მთავარი მოთხოვნა მიტაცებული არჩევნების შედეგების არაღიარება და ყველა იმ პასუხისმგებელი პირის დასანქცირებაა, ვინც ჩართული იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში.

“ხდება უპრეცედენტო რამ, ალბათ პირველად თანამედროვე ევროპის ისტორიაში ქალების მოძრაობა დგამს კარავს ევროპარლამენტთან სადაც იქნება 2 ძირითადი მოთხოვნა: არაღიარება ამ არჩევნების შედეგების და სანქცირება კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ არჩევნების მოპარვაში. ამავდროულად ამ კარავში გვიერთდება რამდენიმე ადამიანი არამარტო ბელგიიდან, ასევე გერმანიიდან, შვეიცარიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან და მივმართავთ უკიდურეს ფორმას, ვიწყებთ შიმშილობას. ამას ექნება პერმანენტული აქციის სახე.

ევროპარლამენტთან დაიდგმება ქართული კარავი, სადაც ასევე ვიწვევთ ევროპარლამენტარებს და სხვადასხვა პოლიტიკოსებს, რათა უკეთ ავუხსნათ რა ხდება საქართველოში,” – აცხადებს ემიგრანტი რევაზ ბეროზაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button