,,საპროტესტო აქციები მთლიანად პარტიული ყულაბიდან ფინანსდებოდა-გუშინდელი აქცია მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი იყო,,-ბითაძე
გუშინდელი აქცია მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი იყო. ეს ყველაფერი იმ გარემოებამ განაპირობა, რომ შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. ამოღებულ იქნა ის საშუალებები, რითიც თითოეული აქცია ძალადობრივ ხასიათს იღებდა, თავდასხმა ხორციელდებოდა სამართალდამცვლებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, საპროტესტო აქციები მთლიანად პარტიული ყულაბიდან ფინანსდებოდა.
„ყველა კარგად ვხედავდით, ამ ძალადობის მიზანი რა იყო. როგორც აღმოჩნდა, საპროტესტო აქციები მთლიანად პარტიული ყულაბიდან ფინანსდებოდა და მხარდაჭერილი იყო იმ რადიკალური ოპოზიციური პარტიებიდან, რომელთა ლიდერები აქციაზე პრაქტიკულად არ გამოჩენილან და წინა პლანზე იმ აქტივისტებს უშვებდნენ, რომელთაც სამართალდამცავებთან ერთად წირავდნენ დაზიანებებისთვის და ქვეყანას ძალადობრივი პროცესების გაღვივებისკენ უბიძებდნენ, რაც გუშინ გატარებული ღონისძიებების შემდეგ აღმოიფხვრა და მშვიდობიანი აქცია ვნახეთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მინდა მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას – ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლიბერალური ფაშიზმის უკან თავიდან ბოლომდე უცხოური დაფინანსება დგას.
კობახიძის მტკიცებით, განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა.
„ამ ჩავარდნილი „ნაცმაიდანის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება და სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თავის დროზე ეს ადამიანები – რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები ასე უპირისპირდებოდნენ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონს. მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც სწორედ ამ ადამიანებმა, მოძალადეებმა და რადიკალებმა, „რუსული კანონი“ უწოდეს, ემსახურება სწორედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას. ასევე ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას თავიდან ბოლომდე უცხოური დაფინანსება. მთელი ამ წლების განმავლობაში ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურებოდა საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას და რაც ყველაზე მძიმეა, ემსახურებოდა ლიბერალური ფაშიზმის გენერირებას ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით, ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა. მინდა მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას. ჩვენ თავისთავად, ჩვენი მხრივ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენ ქვეყანაში“, -განაცხადა კობახიძემ.
გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელსა და მონაწილეზე პასუხისმგებელი – როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
წილოსანი აცხადებს, რომ სწორედ ისინი იცავდნენ 2008 წელს ქვეყანას, ხოლო ოპოზიცია კი გარბოდა ქვეყნიდან.
„პოლიციელი გმირია! ჩემი პატივისცემა ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს და სამართალდამცავს. 2008 წელს ეს ბიჭები ჩვენს ქვეყანას რომ იცავდნენ, თქვენ სად გარბოდით, ლაჩრებო?! გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი – როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა“, – წერს ნინო წილოსანი.