ნიკა გვარამია და ალეკო ელისაშვილი დააპატიმრეს
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნო და 12 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ნიკა გვარამია 4 დეკემბერს დააკავეს კოალიციის ოფისთან.
ნიკა გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ისე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში, რომ ადვოკატებს არ შეატყობინეს. მოსამართლემ მათ გარეშე გახსნა სხდომა, რომელიც მას შემდეგ შეწყდა, რაც ადვოკატი თავად გვარამიამ მოითხოვა.
ერთსაათიანი შესვენების შემდეგ პროცესი განახლდა.
სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიამ თქვა:
“მე მივედი ჩემი პარტიის ოფისში, სადაც ჩხრეკა მიდიოდა და როგორც იურისტმა, მოვითხოვე ჩხრეკის პროცესზე დასწრება. არ ვიცი, რა სამართლებრივი არგუმენტით არ მომეცა ამის უფლება. რაც შეეხება გინებას, პოლიციელები მაგინებდნენ. გვჭირდება ვიდეოები, სადაც ყველა რაკურსი გამოჩნდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მე ქუჩურ გინებას ვიგებ, პოლიციისგან მივდივარ და გენინსპექციის “ცხელ ხაზზე” ვრეკავ, ასე არაა – ქუჩურად მექცევიან, ქუჩურად ვპასუხობ”.
ნიკა გვარამიას ადვოკატებმა თქვეს, რომ სამართალდარღვევის ოქმი დღეს, 6 დეკემბერს, შედგა. მანამდე მათთვის უცნობი იყო, ზუსტად რას ედავებოდნენ გვარამიას.
ამის პასუხად შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ ოქმი მხარეს არ მოუთხოვია და ამიტომ არ გადასცეს. ეს გვარამიას ადვოკატ დიტო საძაგლიშვილისთვის სასაცილო არგუმენტი აღმოჩნდა.
“დღეს გამოწერეთ ოქმი, დღეს! დანაშაულს ჩადიხართ, იტყუებით”, – თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
ამასთან, ნიკა გვარამიამ და მისმა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე უნდობლობა გამოხატეს შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოს მიმართ, რომელიც იყო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაღებული და მოითხოვეს, პროცესზე წარმოსადგენად მოეკვლიათ სხვა ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიც. ვიდეოკადრის რაკურსის გასაცნობად, გვარამია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის დაკითხვასაც მოითხოვდა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ პროცესის გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ დაცვის მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა საქმის მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად:
“გაუგებარია სასამართლოსთვის – თავად თქვით, რომ რამდენიმე ტელევიზია იღებდა და დაკავების გარემოება იცოდით. ერთ-ერთი ტელევიზიიდან ამოღებული კადრები წარმოდგენილია მტკიცებულებად. ორი დღეა თითქმის გასული, სულ მცირე, 20 საათია გასული. მხარემ იცოდა რა მოლოდინია, რაზე დააკავეს და რა ფაქტობრივი გარემოებებია. დაცვის მხარის მხრიდან მოქმედება არ არის, გონივრული მოლოდინი არ ჰქონიათ, არ ჰქონიათ მცდელობა რაიმეს გამოთხოვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა”, – თქვა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.
გვარამია სასაცილოდ მიიჩნევდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და აღნიშნავდა, რომ მისი მხრიდან არანაირ წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია. გვარამიას თქმით, ოფისში, სადაც დააკავეს, თავისი უფლების განხორციელებას ცდილობდა და პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია:
“მე ვარ ქართველი კაცი და როცა მაგინებენ, პასუხს გავცემ”.
ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის დაკავების ოქმი არავის წარმოუდგენია და არც ხელი არ მოუწერია. მან აღნიშნა, რომ ოქმი, რომელიც საქმეშია, არის გაყალბებული, რაზეც “შსს-ს წარმომადგენლები პასუხს აგებენ”.
“ეს ქვეყანა გადარჩება, ეს ქვეყანა არ არის “ომონის”, ეს ქვეყანა არასდროს იქნება რუსეთის. თქვენ ხართ “გამპრავებლები” ქუსლით თავის გამსრესი პოლიციელების”, – მიმართა მოსამართლე კობა ჩაგუნავას ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.
ამის შემდეგ მოსამართლე ნიკა გვარამიას საქმეზე სათათბიროდ გავიდა და საბოლოოდ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
“გაუმარჯოს საქართველოს, სიკვდილი მონებს!” – თქვა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნიკა გვარამიამ.
გვარამია პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს. თავდაპირველად, შელაპარაკებისას, ის მიწაზე დააგდეს და შემდეგ ჰაერში ატაცებული გაათრიეს მანქანამდე, რომელსაც არ ჰქონდა პოლიციის განმასხვავებელი ნიშნები.ნიკა გვარამია, პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. ნიკა გვარამია ოფისში შესვლას და ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა,რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა. ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კოალიციის ლიდერი დააკავეს.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გვარამიას შემდეგ იმავე ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რეჟიმის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამია 12 დღით პატიმრობაში გაუშვა. შუამდგომლობა, რომლითაც დაცვის მხარე “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის დაკავების სრული მასალის დართვას ითხოვდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე გამოიკვლიეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიტანილი ის კადრები, რომელიც სრულ მომხდარის სრულ სურათს არ ასახავს.
ნიკა გვარამიამ პროცესზე დეტალურად მოყვა რა ხდებოდა 4 დეკემბერს “დროას” ოფისთან და რა უკანონობას ჩადიოდნენ იქ მყოფი ნიღბიანი პირები, რომლებიც მის უფლებას არღვევდნენ და ჩუმად შეურაცხყოფას აყენებდნენ. “მთავარი არხის” მიერ გადაღებულ უწყვეტ მასალაში ისმის, როგორც მოუწოდებს პოლიტიკოსი ზრდილობისკენ, მათგან კი დაკავების მუქარა ისმის. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება და შემდეგ ნიკა გვარამიას ცემა და ძალადობრივი მეთოდით დაკავება. ამ სრული მასალის განხილვას ითხოვდა დაცვის მხარე პროცესზე , თუმცა მიკერძოებული სასამართლოს პირობებში ეს არ მოხდა. ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრომ , შემდეგ კი სასამართლომ რუსული რეჟიმის დავალება პირნათლად შეასრულა და ოლიგარქის ოპონენტი, გისოსებს მიღმა გამოკეტვით, დროებით გაანეიტრალა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ისიც კი არ მიიღო მხედველობაში , რომ გვარამია 4 დეკემბერს დააპატიმრეს, დაკავების ოქმი კი დღეს დილით შეადგინეს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი სასამართლოდან ისევ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის და პარტია “ახალის” თანათავმჯდომარის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და წერს, რომ მისთვის 12 დღიანი პატიმრობის შეფარდება პოლიტიკურად მოტივირებულია.
“ვერდიქტი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არის პოლიტიკურად მოტივირებული და მთავრობის მერ კონტროლირებადი მართლმსაჯულების ნაწილი, რომლის მიზანი ოპოზიციის განადგურებაა.” – წერს ჰაკერი.
4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკის) ჩატარების მიზნით შევიდნენ პოლიტიკური პარტიების – „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ – ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში.
4 დეკემბერს, გვიან ღამით, დააკავეს გვარამიას პარტიის წევრი, ყოფილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი.
მანამდე, 3 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას და „მდიდარ ენჯეოებს“ დააკისრა. მისი თქმით, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ.
შსს-ს ცნობით, ჩხრეკის შედეგად პარტიების ოფისებიდან “ნივთმტკიცებად ამოიღეს ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”.
“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრმა ბექა პაპაშვილმა მოგვიანებით ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ “მოლოტოვები ჩაუდეს”.
რვა ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას პროკურატურა “ქართული ოცნების” წევრზე, ალი ბაბაევზე, თავდასხმას ედავება. მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.
ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციონერების შეხვედრის პარალელურად “ქორთიარდ მერიოტის” მიმდებარედ მომხდარი შელაპარაკებისას დააკავეს მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ერთად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელისაშვილი არა ამ ფაქტზე, არამედ ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ მალევე გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული.
სასამართლოზე ელისაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბაბაევმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური დაპირისპირებისას კი ეცადა ელისაშვილისთვის რკინის ჯოხის ჩარტყმასაც, რასაც, ადვოკატებისვე თქმით, თავად ბაბაევიც ადასტურებს. ელისაშვილი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ალეკო ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისაშვილს დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
ალეკო ელისაშვილის დაკავებისას უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიებაა დაწყებული.
შემდეგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს, 11:00 საათზე დაინიშნა.