1-ელი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება-“ქართული ოცნების” მთავრობა გადაწყვეტილების მიღების მიზეზად “ხარჯების ოპტიმიზაციას” ასახელებს
საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო.
როგორც განცხადებაშია განმარტებული, საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, ამიტომ სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია.
„აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა. მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა.
ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია.
აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თავდაპირველად ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ნინო ცუხიშვილმა გაავრცელა და თქვა, რომ 2025 წლის 1-ელ აპრილამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია იგეგმება.
დღეს საჯარო სამსახურის ბიუროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნინო ცუხიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის პირველ აპრილამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია იგეგმება.
“10 წელზე მეტია სსიპ -საჯარო სამსახურის ბიურო ემსახურება პროფესიული, პოლიტიკურად ნეიტრალური, კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის შექმნას, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო. ამ ღირებულების დასაცავად, ბიუროს თანამშრომლების ნაწილმა ხელი მოაწერა 2024 წლის ნოემბერში საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციას, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესულ რეპრესიულ ცვლილებებზე საპასუხოდ – დამოუკიდებლად გაავრცელა კრიტიკული განცხადება.
კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საჯარო სამსახურის სისტემაში დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებმაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით და შეუერთდნენ საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციებს.
საჯარო სამსახურის ბიუროს დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიწოდებია საჯარო სამსახურის ბიუროს და ჩვენთვის სხვა გარე წყაროებიდან გახდა ცნობილი. საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია სწორედ ამ პროცესის ნაწილია და ემსახურება საჯარო სამსახურში კრიტიკული აზრის ჩახშობას”, – დაწერა მან.