მნიშვნელოვანისიახლეები

49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა – 150-წევრიანი პარლამენტი 101-წევრიანი გახდა

ქართული ოცნების ე.წ. დეპუტატები ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ

ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა სამი პოლიტიკური გაერთიანებიდან 49 ოპოზიციონერს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს – ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. კენჭისყრის შედეგებს უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.

“ჩემი მხრიდანაც დავამატებ, ის ვინც ცდილობს დემოკრატიის და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, რა თქმა უნდა, მიიღებს ყოველთვის სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს ამაზე”, – თქვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პლენარულ სხდომამდე საკითხს არალეგიტიმური პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ისინი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, შესაბამისად, არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვეს.
პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ძლიერმა საქართველომ“ 14 მანდატი მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო „ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა.
კერძოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს სამი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ წევრებს:

პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ, არიან: – მარიკა არევაძე, ლაშა ბაქრაძე, თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, ანა გოგოლაძე, სოფია გოლეთიანი, ანა დოლიძე, გიორგი ვაშაძე, თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, გიორგი კირთაძე, ცოტნე კობერიძე, მაია კოპალეიშვილი, თამარ კორძაია, ირაკლი კუპრაძე, თამარ ლალიაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ნანა მალაშხია, ნიკა მელია, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ლევან სამუშია, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი ქავთარაძე, ოქტაი ქაზუმოვი, ბორის ყურუა, ფიქრია ჩიხრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გიგი წერეთელი, ანა წითლიძე, ივანე ჭყონია, ლევან ხაბეიშვილი, მამუკა ხაზარაძე, ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე, გაიოზ ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სოფიო ჯაფარიძე.

კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სესიაზე მიიღებენ.

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონკრეტულმა პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და ჰქონდათ სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, მიეღოთ მანდატი, შემობრძანებულიყვნენ პარლამენტში და საკუთარი უფლებამოსილება განეხორციელებინათ, როგორც პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა დროს დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს პარტიები გახლავთ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საპროცედურო კომიტეტმა, რეგლამენტის შესაბამისად, განახორციელა კონკრეტულ პირთა მიერ განცხადების შემოტანის და მასზე განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოხდა პარლამენტში, პარლამენტის თანამშრომლების თანდასწრებით. მოახდინა მოკვლევა და დაადგინა, რომ ყველა განცხადება არის ნამდვილი. შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგია, ამ პირთათვის, რომელიც არის 49 პირი, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ანუ დასკვნის მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტზე საკითხის განხილვამდე.

შეგახსენებთ, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განცხადებები დაწერეს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

პარლამენტი, რომელიც 150 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, 101 წევრიანი გახდა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ისიც, რომ „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, გვარამია-მელიას გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ სათადარიგო-საარჩევნო სიები „ჩახსნილი“ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკლებული წევრების ნაცვლად, მათი საარჩევნო სიიდან პარლამენტში ვერავინ შევა.
შეგახსენებთ პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ სამი ოპოზიციური გაერთიანების წევრებს

მსგავსი პოსტები

Back to top button