მნიშვნელოვანისიახლეები

გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო-აქტივისტი ნენსი ვოლანდი მოსამართლემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა

სისტემა მოშიმშილე პატიმარზე ზეწოლას ახორციელებს

აქტივისტი, ფეისბუკჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელი ნენსი ვოლანდი (ქრისტინე ბოტკოველი) მოსამართლე ზვიადი ცეკვავამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ, კერძოდ, 26 იანვარს საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას.
დღევანდელ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ბოტკოველი გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდა. უწყების იურისტი მის სამართალდამრღვევად ცნობას და ადმინისტრაციული სახდელის დადებას ითხოვდა.
გადაწყვეტილებას ნენსი ვოლანდმა “უსამართლო” უწოდა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, როგორ დგას ის რუსთაველზე, თუმცა ამ დროისთვის რუსთაველი უკვე გადაკეტილი იყო.
თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი კი აცხადებს, რომ ის ტროტუარიდან უკვე გადაკეტილ გზაზე, მას შემდეგ გადავიდა, რაც ადგილზე მარშში მონაწილეები მივიდნენ.

“26 იანვარს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექი ტროტუარზე. დაახლოებით 20:20 საათზე რუსთაველზე მოვიდნენ მარშის მონაწილეები და გზა გადაიკეტა. ჩემი კადრი გადაღებულია 21:06 წუთზე, როცა ვიდექი გადაკეტილ რუსთაველზე. სასამართლო ამტკიცებს, რომ უკვე გადაკეტილი გზა კიდევ ერთხელ გადავკეტე”, – თქვა ნენსი ვოლანდმა.

მისი სიტყვებით, არცერთ სამართალდამცველს არ გაუფრთხილებია შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ. “ჩემით არ შემეძლო შემეფასებინა, რამდენი ადამიანია საკმარისი გზის გადასაკეტად”.

ნენსი ვოლანდი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს მას შემდეგ, რაც შესაბამისი დოკუმენტები ჩაბარდება.

პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს ყველაზე ხშირად ექვსი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიადი ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ექვსივე მოსამართლეს 16 დეკემბერს ესტონეთმა სანქციები დაუწესა.

სისტემა მოშიმშილე პატიმარზე ზეწოლას ახორციელებს. ირკვევა რომ სამოქალაქო აქტივისტ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რომელიც უკვე 7 დღეა შიმშილობს, ოჯახთან შეუთანხმებლად შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე და მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს, რომელმაც თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ საპატიმროში მოინახულა. გუჯა ავსაჯანიშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილიც გაავრცელა.
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა და დანაშაულის აღიარებას სთხოვდა.

“მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე ოჯახთან შეუთანხმებლად (რაც კანონის დარღვევაა) და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო ბიჭებისთვის ეს ინფო მომაწოდა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, მაქვს მტკიცებულებაც”,- წერს ავსაჯანიშვილი.
“ჩემთან 7 თებერვალს შემოსული იყო ვინმე დავითი, გამეცნო როგორც ადვოკატი, რომელიც არ იყო ჩემი ოჯახის მიერ დაქირავებული ან შემოგზავნილი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია და სხვებისთვის დამედო ხელი. რა თქმა უნდა მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო ასეთი არაკაცური საქციელის ჩადენის და ტყუილად დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალების, როცა მსგავსი არაფერი ჩამიდენია. არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა ამ ადამიანს, ან რა განზრახვა ამოძრავებდა.” – აღნიშნულია ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილში.

პატიმრობაში მყოფ აქტივისტთან კონტაქტს ადასტურებს ადვოკატი დავით გამყრელიძეც.

“ვკითხე მე მას, გყავს-მეთქი ახლა ადვოკატი. უპატრონოდ ხომ არა ხარ? ომარმა ეგ მთხოვა ზუსტად, გაარკვიე რა დღეშიაო, იმიტომ რომ შიმშილობდა ეს ადამიანი, ხომ, როგორც ვიცი. აღიარებას კი არ ვთხოვდი, ოკმელას მაგალითი ვუთხარი აგერ რა. ისე არ მოხდეს და კარგად გაიაზრე ეს ყველაფერი-თქო რა, რა ჯობია, ახლა გარეთ სიტყვაზე იყო და გარედან იბრძოლო ადამიანმა, თუ რაღაც “ხლაპუშკა” გაისროლე თუ ჯებირს ჩაარტყი, ნაწილობრივ თქვა ის, რაც გააკეთე და ვიდეომასალაში ჩანს. მე რჩევასაც ვერ მივცემ მაგას იმიტომ, რომ არა ვარ მისი უფლებადამცველი. მას ჰყოლია ადვოკატი, თვითონ მითხრა მერე საუბარში. ვიღაცა ელგუჯაზე მითხრა, მე არ ვიცნობ ამ ელგუჯას,” – აცხადებს დავით გამყრელიძე.

75-ე დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.

გზის გადაკეტვისთვის კი ჯარიმები 2024 წლის 30 დეკემბრიდან გაიზარდა. ამ ქმედებაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდა, ხოლო ორგანიზებისთვის – 5 000-ის ნაცვლად 15 000 ლარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button