რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავა.

პროევროპული, უწყვეტი პროტესტის 75-ე დღე – რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა-რუსთაველის გამზირზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, პოლიციამ დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ 2 ადამიანი.
“დავინახე გზის მოპირდაპირე მხარეს როგორ ეჯაჯგურებოდა პოლიციის მთელი კორდონი, როგორ მოათრევდა დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული”,- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.
სიჭინავას თქმით, პოლიცია ცდილობს, რუსთაველის გამზირი არ გადაიკეტოს და “უწყვეტი პროტესტი ჩაახშოს”. სიჭინავას თქმით, ახლა რუსთაველის გამზირზე აქციაზე ხალხის ის რაოდენობაა, რომ საჭიროა საავტომობილო გზის გადაკეტვა.
რუსთაველის გამზირზე პერიოდულად სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. ადგილზე მობილიზებული პოლიციელები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.
ყოველდღიურ აქციას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები შეუერთდნენ.
პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.