მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კანონის დარღვევით ჩაინიშნა – საია

17 თებერვალს, ბათუმის სასამართლოში ჩანიშნულია სხდომები აქციის იმ მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც 11 იანვარს საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. ჩანიშნულ სხდომებს შორის არის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული სამართალდარღვევის საქმე თუმცა, სხდომა ისე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არ უცნობებიათ არც მზია ამაღლობელისათვის და არც მისი ადვოკატებისათვის, რაც დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მათთვის ამ დრომდე არ გადაუციათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების წინაპირობაა, ასევე საია-ს შეფასებით, სამართალდარღვევის პროცესის ჩანიშვნა და განხილვა მხარისათვის შეტყობინების გარეშე, დაუშვებელია.
„17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია სხდომები აქციის იმ მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც 11 იანვარს საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს. ჩანიშნულ სხდომებს შორის არის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული სამართალდარღვევის საქმე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ისე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არ უცნობებიათ არც მზია ამაღლობელისათვის და არც მისი ადვოკატებისათვის, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამ დრომდე ჩვენთვის არ გადმოუციათ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების წინაპირობაა. სამართალდარღვევის პროცესის ჩანიშვნა და განხილვა მხარისთვის შეტყობინების გარეშე, დაუშვებელია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავება. როდესაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი მეგობარი და კოლეგა, ციალა ქათამიძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციის მიმდინარეობის ადგილას და ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი, რომელიც გაშალა კედელზე. სწორედ ამ დროს, სტიკერის გაკვრის გამო მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ხელწერილის საფუძველზე მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს. საჯარო სივრცეში არსებობს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კადრები, სადაც ჩანს, რომ აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავად აკავებს მას სტიკერის გაკვრისთანავე და მზია ამაღლობელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის და სიტყვიერი კომენტარის გარეშე ემორჩილება მის უკანონო დაკავებას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს. სტიკერის შენობის ღობეზე დროებითი განთავსება, არ შეიძლება ჩაითვალოს იერსახის დამახინჯებად, ამასთან ამავე კოდექსით არ იკრძალება სტიკერის დროებითი განთავსება ადმინისტრაციულ შენობებზე. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად და ნახატის შესრულებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება. მზია ამაღლობელის თვითნებური და უკანონო დაკავების შენიღბვის მიზნით პოლიციამ დაკავების ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა 173-ე მუხლით, რომელიც არ გადასცემია მზიას დაკავებისას. დაკავების ოქმში ჩაიწერა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, რაც სრული სიცრუეა. ამ სიცრუეს ადასტურებს მზია ამაღლობელის დაკავების ვიდეოკადრები. 2025 წლის 21 იანვარს, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი მზია ამაღლობელის სახელით გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, ამ დროისათვის საჩივართან დაკავშირებით არ არის მიღებული არანაირი გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ თავდაპირველად სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. ის 35-ე დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს, ადგილობრივი პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.