მნიშვნელოვანისიახლეები

რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში?-,,უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის,,-წულუკიანი ანწუხელიძეზე

“მარტივ ენაზე რომ ვთქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ – ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ” – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც წულუკიანი აღნიშნავს, გენერალმა ზაზა გოგავამ ვერ გააბათილა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ არსებული ეჭვი.

„ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ. ჩვენ კითხვას ვსვამთ. თუ ეს აღმოჩნდა, რომ ასე იყო, რა თქმა უნდა, ვიტყვით და ვამბობთ, რომ ეს ხალხი გმირები არიან, როდესაც ისინი მიატოვა უმაღლესმა მთავარსარდალმა და როდესაც ისინი გაწირა გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა ზაზა გოგავამ. ასე გამოვიდა, იმიტომ, რომ მან დაუშვა ის, რაც არ უნდა ხმა აემაღლებინა კომისიის წევრებზე, რასაც არასდროს არ დავითმენ; იქ მოვითმინე, რადგან ეს არის ჩემი ვალდებულება. როდესაც გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ხმას უწევს, გეგონება, მოგებული ომის გენერალი იყოს, ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, რატომ არ გამოიყვანა მან მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინმემ დაავალა? მე მგონია, მას ეს დაავალეს, რადგან სააკაშვილის მიზანი არ უნდა ყოფილიყო იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა, რათა შემდეგ ლამაზად უნდა დამდგარიყო ტრიბუნასთან და ეთქვა, შეხედეთ ხალხო, მსოფლიო, შეხედეთ, რუსეთი რა ბოროტია, თითქოს გვჭირდება ჩვენ ვინმეს ამის ახსნა, ვინ არის რუსეთი. ამდენი ხალხი ჩამიხოცა, მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ამისთვის სჭირდებოდა და რაკი მაქვს ეჭვი, ამიტომ ვსვამთ კითხვებს. იქნებ, გაბათილდეს ეს ეჭვი, მაგრამ ზაზა გოგავამ, გენერალმა ეს ვერ გააბათილა. მან ლამის, ხელები გაასავსავა და თქვა, რა უნდა მექნა, ვერ შევძელი მოსახლეობის გამოყვანაო. ამ დროს, არ ჰქონდა მას გეგმა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, სამხედროების მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა გადადეს.

„გაწირვაში ვგულისხმობ მათ შორის, იმას, რაც უკვე დადგენილი ფაქტია ჩვენი კომისიის ამ ეტაპზე მუშაობის შედეგად, რომ ჩვენს გამოცდილ სამხედროებს ჰქონდათ გეგმა, რომელიც ცხინვალის ალყაში მოქცევას გულისხმობდა და ქალაქში შესვლას არ ითვალისწინებდა, რადგან იქ მოსახლეობა იყო; იქ იყო ევაკუაციის გეგმაც, სამხედროების მიერ შემუშავებულ გეგმაში და ეს გეგმა სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა გადააგდეს, გადადეს გვერდზე და ვანო მერაბიშვილმა ჯანაშვილთან ერთად, მის მოადგილესთან ერთად, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მართეს ომი. ამან გამოიწვია ქაოსი და ამან გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი ჯარშიც, აღარაფერს ვამბობ მოსახლეობაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კითხვის დასმას მას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს.

„დასვამ თუ არა კითხვას, რომელიც მათ მაშინდელ პიარულ მანქანას ეწინააღმდეგება, მაშინვე შეგრაცხავენ მოღალატეებად, მაგრამ მათ საკუთარი ხელისუფლების პირობებში როინ შავაძეს ეძახეს მოღალატე და დახვრიტეს გურიისა და აჭარის ადმინისტრაციულ ზღვარზე; კაცი, რომელიც 20 წელი ემსახურებოდა სამშობლოს, ეცვა ფორმა და, რომელზეც თვითონ სამხედრო მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ „ნაციონალების“ რეჟიმის დროს ნათქვამი, რომ მის მიმართ ერთი შენიშვნაც კი არ არსებობდა. წაიყვანეს და დახვრიტეს. ომიდან მშვიდობით დაბრუნებული ჯარისკაცი, სერჟანტი დახვრიტეს. მას ეძახეს მოღალატე და ახლა ჩვენ რომ დაგვიძახონ მოღალატე, რამენაირად მოვითმენთ, მაგრამ კითხვის დასმის უფლებას ვერავინ ვერ წაგვართმევს. აი, ეს არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ძალიან მძიმე საქმეა, მაგრამ ეს გასაკეთებელია“, – განაცხადა წულუკიანმა.

*უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. არსებობს ვიდეომასალა, სადაც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტების წრეშია მოქცეული და მას ფიზიკურად უსწორდებიან – ურტყამენ ფეხებს. ოკუპანტები მას აიძლებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. 2013 წელს, მაშნდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button