მნიშვნელოვანისიახლეები

უცხოური გრანტის მისაღებად საჭირო იქნება ოცნების თანხმობა-პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს. ​ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება.
მომხსენებლის ინფორმაციით, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა.
გრანტის მიღების მონიტორინგს სსიპ ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. როგორც ირაკლი კირცხალიამ განმარტა, საკანონმდებლო მოთხოვნებისგან თავის არიდების პრევენციის მიზნით, გრანტის მიღებასთან დაკავშირებული წესები გავრცელდება, ასევე, ფულადი ან ნატურალური ფორმით უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომლიც თავისი ბუნებით წარმოადგენს გრანტს.
მისივე თქმით, მთავრობის მოთხოვნა არ გავრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული და მიღებული გრანტის ხელშეკრულებებზე.
მათზე აღნიშნული წესი გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეიცვლება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.
„ხაზგასმით განვმარტავ, რომ მთავრობის თანხმობას არ დაექვემდებარება საქართველოს საზღვრებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემული ინდივიდუალური სტიპენდიები და გრანტები. ასევე, საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემა“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განმარტებით, მართალია, მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულობის მიღებას იურიდიული პირისგან, თუმცა საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რომ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რადიკალური ოპოზიციის ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეში მხარდაჭერა და დაფინანსება შენიღბოს ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით. ამის ნათელი მაგალითი საზოგადოებამ არაერთხელ იხილა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ.
საკანონმდებლო პაკეტით დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი.
ირაკლი კირცხალიას განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მის წარმომადგენლობებს, აგრეთვე, საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
„ვინაიდან გრანტი, თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისთვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის, ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის, ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე ინფორმაციით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება მოახდენს იმის პრევენციას, რომ ე.წ. ჰუმანური მიზნით შენიღბული გრანტის თანხებით გარე ძალებმა ვერ შეძლონ, ჩვენს ქვეყანაში დააფინანსონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.
​საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, შესაბამისი თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, კერძოდ: თუ პირი შესაბამისი თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ის დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
კანონპროექტის მიხედვით, გრანტის მიზნის ცვლილება თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში მიმღები დაჯარიმდება ორმაგი ოდენობით.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით, ერთხმად მიიღო „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.
საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის კომპეტენციას დაემატება სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და გაზისა) მართვა და კონტროლის განხორციელება.
კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ახლახან პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, წიაღის მართვის საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში ბრუნდება.
„წარმოდგენილი კანონპროექტის მთავარი მიზანია ტექნიკურად გასწორდეს კანონი, მათ შორის, მონიტორინგისა და ზედამხედველობის ნაწილში. ცვლილების თანახმად, ინსპექტირების ნაწილში ერთმანეთისგან იმიჯნება წიაღის სარგებლობის ინსპექტირება და ნავთობისა და გაზის სფეროს მონიტორინგის საკითხები, როგორც ორ ცალ-ცალკე სამინისტროს დაქვემდებარებული საკითხები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 83-ხმით, ერთხმად მიიღეს.
საკანონმდებლო პაკეტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.
პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.
ამავე ცვლილებების ფარგლებში “ქართული ოცნება” პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, ასევე ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადების შემჭიდროებას გეგმავს. პირველი მოსმენით მიღებული პროექტის გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.
ამასთან, როგორც პლენარულ სხდომაზე მომხსენებელმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, “გარკვეული ლოგიკიდან გამომდინარე“ 9-თვიანი ვადა შესაძლებელია კიდევ უფრო შემცირდეს. მისი თქმით, ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მეორე მოსმენით განხილვისას იქნება მიღებული.
მოქმედი კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
პარტიის საქმიანობა, ასევე შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს.
პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.
პროექტის მიხედვით, კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 27 მარტს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავენ. ამ მიზნით, “ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტს.
საკითხი სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა წარადგინა.
ცვლილება ითვალისწინებს ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ასაგებად მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ავტომატურად გაგრძელებას.
ასევე, კანონპროექტის მიღებით განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისთვის კონკურსის წესით გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, რეგლამენტის მოქმედი რედაქცია საკანონმდებლო ორგანომ 2018 წელს მიიღო, რომელშიც არაერთი ცვლილება განხორციელდა. მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტი გაუმჯობესებას მოითხოვს, რის გამოც რეგლამენტის ახალი პროექტი შემუშავდა.
„პარლამენტის რეგლამენტი არის კანონი, რომელსაც ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და არ საჭიროებს პრეზიდენტის ხელმოწერას. ეს გამომდინარეობს საპარლამენტო სუვერენიტეტიდან. პარლამენტი თავად განსაზღვრავს საკუთარ წესებს და ლოგიკურია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი თავად ადგენდეს ამ წესებს. რეგლამენტის ტექსტობრივი ნაწილის 90% იგივე რჩება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება რეგლამენტის დახვეწა. ერთად დაჯგუფდა ის პროცედურული ინსტრუმენტები, რომლებიც პარლამენტს გააჩნია კანონშემოქმედების, ზედამხედველობის და სხვა საქმიანობისთვის. აგრეთვე, გამოირიცხება გარკვეული დუბლირებები, რომლებიც მოქმედ რეგლამენტში არსებობდა.
მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ თავებად და მუხლებად არის დაყოფილი, პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი X კარისა და XXXI თავისგან შედგება.
პროექტით ზუსტდება და კონსტიტუციის შესაბამისად წესრიგდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ამასთანავე, განიმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის გამართვის თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე იკრიბება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მეათე დღეს.
„ეს არის მნიშვნელოვანი, პრინციპული საკითხი უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ეხება საპარლამენტო სუვერენიტეტს და ვერცერთი სხვა ინსტიტუტი ვერ ჩაერევა პარლამენტის მხრიდან უფლებამოსილების ცნობის საკითხში, გარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა. ეს არის საპარლამენტო სუვერენიტეტის ქვაკუთხედი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება. კერძოდ: აგრარულ საკითხთა კომიტეტს ეწოდება სოფლის მეურნეობის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის კომიტეტი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.
ცვლილებები შეეხება კომიტეტის სხდომების გამართვის საკითხს, რომლის თანახმად, კომიტეტი ვალდებულია, თვეში, ორი სხდომის ნაცვლად, ერთი სხდომა მაინც გამართოს.
წარმოდგენილი პროექტი აღარ ითვალისწინებს თემატური მოკვლევის ინსტიტუტის არსებობას, რომლის ფუნქციებსაც დროებითი კომისიის და სამუშაო ჯგუფის ფორმატები შეითავსებს.
რეგლამენტის ახალი რედაქციის თანახმად, პარლამენტის სხდომის გამართვის საათები იქნება 12:00−21:00. ამასთანავე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის 21:00 საათის შემდეგ გაგრძელება განსახილველი საკითხის ამოწურვის მიზნით.
რეგლამენტით განისაზღვრება პოლიტიკური დებატების გამართვის წესი.
რეგლამენტის პროექტის ერთ-ერთი მუხლი ეხება საკანონმდებლო წინადადების ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო პროცესში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობას ანიჭებს.
ახალი რეგულაციით, საკანონმდებლო ორგანოში შესული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ყველა წევრს გადაეცემა. მათ საკანონმდებლო წინადადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტს წარუდგინონ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორადაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიეთითება.
ახალი რეგლამენტის პროექტით იზრდება ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა. პროექტით განისაზღვრა, რომ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ინტერპელაცია გაიმართება პლენარული სხდომების ყოველ კვირაში.
„პარლამენტის რეგლამენტი არის კანონი, რომლითაც საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს საკუთარ წესებს და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი პროცედურები, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ყველას ინტერესი – როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის, რათა პარლამენტში კოლეგიალური თანამშრომლობის გარემო შეიქმნას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button