მნიშვნელოვანისიახლეები

,,მიმალვაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ – ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, „კრიპტოვალუტების საქმეზე“ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ამერიკელი ადვოკატი აცხადებს, რომ „ორი ქვეყნის სადაზრვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით“ აქვს სანდო ინფორმაცია, რომ მიმალვაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს მალულად დატოვა, – გადავიდა სომხეთში, თუმცა საბოლოო მიმართულება რა იყო, უცნობია. 10 მარტს მას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბიძინა ივანიშვილის მიერ შეტანილი საჩივრის შემდეგ დაწყებული საქმის ფარგლებში.

რობერტ ამსტერდამი, – რომელიც წარსულში ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირებული რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის ინტერესებს იცავდა „იუკოსის“ ცნობილ საქმეზე, – 23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს ბაჩიაშვილის ლიკვიდაციის საფრთხეზე, თუმცა ზუსტ წყაროს არ ასახელებს.

რას ამბობს ადვოკატი
მისი თქმით, მიაჩნია, რომ პოლიტიკური ოპონენტების „განადგურება“ საქართველოს ხელისუფლებამაც მოინდომოს, თუმცა არ გამორიცხავს „უცხო ძალების“ მიერ შეთქმულებასაც:

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება მიმართოს ნებისმიერი ტიპის ძალადობას, რათა მიაღწიოს საკუთარ მიზნებს, – გაანადგუროს რეჟიმის ყველა პოლიტიკური ოპონენტი და კრიტიკოსი, რომელიც მათ რეალურ საფრთხეს უქმნის“, – წერს იგი განცხადებაში. რობერტ ამსტერდამი ასევე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, ბაჩიაშვილის მკვლელობის დაგეგმვა იყოს „საგარეო ძალების სცენარი, რათა კიდევ უფრო მეტად მოახდინონ ვითარების დესტაბილიზაცია საქართველოში“.

„გიორგი ბაჩიაშვილის გარშემო არსებული სახიფათო ვითარებიდან გამომდინარე, სამართლებრივ ჯგუფს, „ამსტერდამი და პარტნიორები“, სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაავრცელოს ეს განცხადება და მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს საერთაშორისო დონეზე, უზრუნველყონ ბ-ნი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ, ვინ დგას ამ სავარაუდო შეთქმულების უკან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამსტერდამი წერს იმასაც, რომ ამ ინფორმაციის გაზიარების უფლება გიორგი ბაჩიაშვილისგან აქვს.
ჯერჯერობით საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია ბაჩიაშვილის ადვოკატის ბრალდებაზე.
ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილი თავდაპირველად საქართველოში დარჩენას და აბსურდული ბრალდებების წინააღმდეგ სასამართლო ბრძოლას აპირებდა, თუმცა იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, როცა ნათელი გახდა, რომ სასამართლო პროცესები მიკერძოებულ გარემოში მიმდინარეობდა და უდავო მტკიცებულებებსაც კი უგულებელყოფდნენ.

რობერტ ამსტერდამი ადრე არაერთხელ გამოხატავდა კრიტიკას ბაჩიაშვილის საქმის მიმართ, რომელიც მისივე შეფასებით, “პოლიტიკურად მოტივირებული და იურიდიულად გაუმართლებელია”. ორგანიზაცია Transparency International Georgia-ის დამოუკიდებელი ანალიზის თანახმად, ბრალდებებს არ აქვს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი და მსგავსი საქმე, სამართლებრივი სახელმწიფოების პირობებში, სასამართლომდეც ვერ მივიდოდა.

გაქცევა და 11-წლიანი პატიმრობა
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

მოსამართლე გიორგი გელაშვილს, – რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა, – ლიეტუვამ სავიზო სანქცია დაუწესა. ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

გიორგი ბაჩიაშვილი საზღვარგარეთაა – ის 2 მარტს გაიქცა ქვეყნიდან. პროკურატურიის ვერსიით, იგი ამისათვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა. „სამარცხვინო“, – ამ ერთი სიტყვით გამოეხმაურა საზღვარგარეთ მყოფი ბაჩიაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას. ბაჩიაშვილს კიდევ ორი ბრალდება აქვს:

„საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო – მან 2 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა, რის შემდეგაც გირაო პატიმრობით შეუცვალეს. თუმცა იგი დღემდე საზღვარგარეთაა;
„მტკვარი ჰესის“ საქმეზე – ეს ეპიზოდი „კრიპტოვალუტების საქმეში“ თავიდანვე ფიგურირებდა, თუმცა ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს. ამ ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“. ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ახლა 40 წლისაა, წლების განმავლობაში ითვლებოდა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ და მისი ნდობით აღჭურვილ პირად.

„ივანიშვილის პირადი ფინანსისტი“, როგორც მას ზოგჯერ მედია უწოდებდა, ბაჩიაშვილი მართავდა ივანიშვილის საკვანძო კომპანიებს რუსეთსა და საქართველოში.

სწორედ გიორგი ბაჩიაშვილი იყო ის, ვინც აღმოაჩინა შეუსაბამობები შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ დოკუმენტაციაში ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით, რამაც დაუდო სათავე მილიარდერი ექსპრემიერის მრავალწლიანი დავის საგას ბანკთან. 2022 წლის 9 სექტემბერს ბაჩიაშვილმა სინგაპურში, ივანიშვილის დავის მორიგ ეპიზოდში ივანიშვილის სასარგებლოდ მისცა ჩვენება, როგორც მისმა მრჩეველმა.

ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც ხშირად წერდა ქართველი მილიარდერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის წინააღმდეგ „შეკრული“ დასავლეთის შესახებ და ავითარებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, ბაჩიაშვილის საქმესაც „შეთქმულებას“ უკავშირებს და მას „ამერიკელების გადაბირებულად“ მოიხსენიებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button