ანგარიში გამოქვეყნდა – რას გულისხმობს უვიზო რეჟიმი
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა. დასკვნაში, რომელიც ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდო, საქართველოს შესახებ დადებითი შეფასებებია მოცემული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.
ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
ეს არის ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.
ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შევიდეს შენგენის რეგულაციებში ცვლილება და ქვეყნებს, რომლებიც შენგენის ზონას წარმოადგენენ საქართველო დაემატოს.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება, შენგენის ქვეყნებში უვიზოდ, ჩვეულებრივი პასპორტით შევიდეს და იქ მაქსიმუმ, 90 დღის განმავლობაში დარჩეს. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლებას არ აძლევს.
ცნობისთვის, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპზე, ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა. მეორე ფაზა ევროპულ კანონმდებლობასთან უკვე დაახლოებული ქართული კანონების აღსრულებას და მის მონიტორინგს გულისხმობდა. ევროკავშირი აკვირდებოდა, შესრულდებოდა თუ არა ის კანონები, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში იყო მიღებული და საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიცემის საკითხსაც ამის შემდეგ გადაწყვეტდა.
ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო დიალოგი 2012 წელს დაიწყო. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2013 წლის დასაწყისში იყო წარმოდგენილი. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის ანგარიშები გამოქვეყნდა 2013 წლის ნოემბერში, 2014 წლის ოქტომბერსა და 2015 წლის მაისში.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.
და კიდევ ერთხელ – რას გულისხმობს უვიზო რეჟიმი? უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოძრავებენ შენგენის ზონაში, ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და 4 კანდიდატ ქვეყანაში. გამონაკლისია ევროკავშირის 2 წევრი: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, სადაც უვიზო რეჟიმი არ არის. შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა აქვს დაახლოებით 20-მდე ქვეყანას. მათ შორისაა, შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია და მოლდოვა.
საქართველოს პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნას ეხმაურება
გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მივესალმები ევროკომისიის ანგარიშს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია. საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევით უმოკლეს ვადებში შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა. ამ ერთიანობამ ქვეყანას მოუტანა ის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებისათვის. დღეიდან ჩვენ წინ გველის ფრიად საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენი ამოცანაა ღირსეულად გავიაროთ ეს პროცესი და ძალისხმევა არ დავიშუროთ დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მისაღწევად”, – აცხადებს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პოლიტიკური ძალები და საზოგადოება კვლავ ერთიანი იქნება ჩვენი ევროპული არჩევანის ხორცშესხმისათვის. “ჩვენი არჩევანი ევროპული არჩევანია, ევროპა ჩვენი კეთილდღეობა და პროგრესია, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში! მე, როგორც პრეზიდენტი, კვლავ აქტიურად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ამ სტრატეგიული მიზნის რეალიზებას უკავშირდება”, – აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.