,,ენგურჰესთან“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

უახლოეს მომავალში ენგურის კაშხლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ინიციატორი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილსა და კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს შესაბამის კონცეფცია წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, “ენგურჰესზე” მოეწყობა საბაგირო გზები, გადასახედები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შუშის ლიფტი.
როგორც ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, კონცეფცია ესტონელი ექსპერტების – ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა.

სამუშაოები 2017 წელს დაიწყება და პირველი ეტაპი სამ წელიწადში დასრულდება.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით მიენიჭა.

საქართველოს მდიდარი ჰიდროენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად დიდმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო.
მის მიერ მოწვეულმა ცნობილმა პეტერბურგელმა ინჟინრებმა ფიოდორ როპმა და ბორის ბახმეტევმა მისი რჩევით ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად ენგური აირჩიეს.

ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების გამოყენებისთვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. მდინარე ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აგების იდეის რეალიზაციისთვის პირველი ნაბიჯები XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში გადაიდგა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

1954 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტმა დაამუშავა ენგურზე ჰესების კასკადის მშენებლობის სქემა. ამ სქემის მიხედვით ზამთრის პერიოდისთვის გარანტირებული სიმძლავრე მხოლოდ 200 მეგავატი იყო, რაც პროექტის ნაკლად შეფასდა. 1960 წელს ,,ჰიდროპროექტმა” დაამუშავა მდინარე ენგურის ენერგეტიკული მიზნებისთვის გამოყენების სქემა. ენგურჰესის კასკადის მშენებლობა სწორედ ამ სქემის მიხედვით1961 წელს დაიწყო .

მსგავსი პოსტები

Back to top button