ამომრჩევლებისთვის სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი იმუშავებს

საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის, ან სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს, დილის 08:00 სთ-დან, საღამოს 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი +995 32 2 40 10 10 იმუშავებს.
ამჟამად ცესკო-სთვის გადაცემულ პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 577 416 პირის მონაცემებია. ამ ეტაპისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 465 550 მოქალაქეა წარმოდგენილი ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი უტყუარი და დაზუსტებულია.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი − 2“ , 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. საარჩევნო სიების სრულყოფისათვის სააგენტომ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით აწარმოა.
სააგენტო მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის სამუშაოებს 2013 წლიდან ახორციელებს.