ზვარეს ინციდენტში მონაწილე ჩინეთის მოქალაქეები დააკავეს

პოლიციამ ჩინეთის სამი მოქალაქე ზვარეში დააკავა.

“შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო ღონისძიებების შედეგად, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ.ჟ და 1984 წელს დაბადებული ჰ.ჩ დააკავეს.” –  ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).

გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” ცნობით კი, ზვარეს მოსახლეობა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად ზვარეში იმყოფებიან, ითხოვენ, რომ დამსაქმებლების ეს ჯგუფი მთლიანად შეიცვალოს.

ზვარეში რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობას ვეღარ აგრძელებენ. მშენებლობაზე დასაქმებული გია თაბუკაშვილი ამბობს, რომ შიშით სამშენებლო ობიექტზე ვეღარ შედიან.

მისივე თქმით, დამსაქმებელი – შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” წარმომადგენლებმა პოლიციის თანდასწრებით მათი ფიზიკური შეურაცხყოფა სცადეს.

დასაქმებულები დამსაქმებლების მხრიდან შესაძლო თავდასხმებისგან მყარ გარანტიებს ითხოვენ სამართალდამცავების მხრიდან.

სოფელ ზვარეში მუშები სცემეს – ჩართვა ხარაგაულიდან

 

მსგავსი პოსტები

Back to top button