თორდია-ფარცხალაძის საქმე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აუდიტის მიერ სავარაუდო კორუფციული გარემოებების მოკვლევის გაგრძელებას აანონსებს.

დღეს გამართულ კონფერენციაზე, ლაშა თორდიამ აღნიშნა, რომ რა მტკიცებულებებიც არ უნდა ჰქონდეთ მის წინააღმდეგ, ის, როგორც მთავარი აუდიტორი, არ შეწყვეტს მერიასა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის სავარაუდო კორუფციული გარიგების მოკვლევას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები დაიცავენ.

ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორის შეფასებით, 24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომეტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ, 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარი ინციდენტია ასახული. საიას იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი ქმედება მიუღებელია. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამის მენეჯერის გიორგი გვილავას თქმით, აუდიტის სამსახურის უფროსს შეემთხვა ინციდენტი იმის გამო, რომ ის ასრულებდა საკუთარ მოვალეობას და ახლა ყველა მცდელობა უკავშირდება სამართალდამცველებს და ისინი ცდილობენ, რომ გადაფარონ ის პრობლემა, რომელიც წარმოიშვა. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, რომ ამ ტიპის მასალების გავრცელება ხდება საჯარო სივრცეში და ისევ კომპრომატის ძალით ხდება მისი გამოყენება.

“ვინც არ უნდა იყოს ეს, კანონი ყველასთვის ერთია,” – ეს განცხადება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე საუბრისას გააკეთა. მისი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს სად მუშაობს, მუშაობდა, რომელი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელია ადამიანი, რადგან კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button