საპატრიარქომ საკუთარ იურისტს გაფრთხილება მისცა

საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ უწყების იურისტის ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან. მაისის ბოლოს რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაში მიწვეულმა ედიშერ ქარჩავამ ბრალი დასდო მეუფე პეტრე ცაავას, რომელიც მისივე სიტყვებით “მუდმივად ცდილობს პატრიარქს შეეწინააღმდეგოს და მის მოშორებაში აქტიურად არის ჩართული”.
ჭყონდიდელი ეპისკოპოსი, პეტრე ცაავა ბოლო დროს აკრიტიკებს “სინოდში გამეფებულ კორუფციასა და ჩრდილოვან მმართველობას, რომელსაც პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი განასახიერებს”.
“ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ დღეს განაცხადა, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებას აღარ აპირებს. ქარჩავა ამბობს, რომ ემორჩილება საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მოწოდებას და საჯარო გამოსვლებს აღარ გეგმავს.
„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ საქართველოს საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
როგორც ქარჩავამ ჟურნალისტებს უთხრა, ის ამ ეტაპზე საპატრიარქოში საკუთარ მოვალაობას ასრულებს და ინარჩუნებს თანამდებობას.