თვითმმართველობის კოდექსი და პრეზიდენტის ვეტო

გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონსა და სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე გამოიყენა.

საქართველოს პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს დღეს გადაუგზავნის. საკანონმდებლო ორგანო კი, ორივე ვეტოს დაძლევაზე უკვე მომავალ კვირას იმსჯელებს, თუმცა, მანამდე მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს გაეცნობა.

კენჭისყრამდე დეპუტატები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საკომიტეტო ფორმატში განიხილავენ და მას კანონმდებლებს მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი წარუდგენს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ ბიურო ორშაბათს იმსჯელებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პლენარული სხდომა ქუთაისის პარლამენტში სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება და საპარალამენტო უმრავლესობას ვეტოს დასაძლევად კიდევ ერთხელ მოუწევს საკუთარი გუნდის მობილიზება.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებული 12 თვითმმართველი ქალაქი 5-მდე შემცირდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალური თემებთან შემდეგი თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ხდება, ესენია – ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური.

რაც შეეხება “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებულია. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლება ექნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button