მიიღებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს ევროპასთან უცნობია

ხელოვნების მუზეუმში 34 სახელმწიფო მეთაურს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ სადილის დაწყებამდე განაცხადა, რომ ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
“ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველომ ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი გავაკეთეთ სულ რაღაც 6 თვეში. სამწუხაროდ, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, მაშინ, როდესაც მოლდოვამ დაიწყო. მოლდოვამ ვიზის ლიბერალიზაციას უკვე მიაღწია, რადგან მათ პროცესი ჩვენზე ადრე დაიწყეს. ძალიან საინტერესოა, რატომ არ დაიწყო ეს წინა ხელისუფლებამ. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ეს პროცესი. ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე ამ პროცედურებს დავასრულებთ და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე საქართველოს პროგრესის დაფიქსირებას ელოდება “ევროპის სოციალისტური პარტიის” პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი.
“ვფიქრობ, საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი ახალი ამბავი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ჩვენ ვიცით, რომ ვიზის საკითხები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვართ, სამიტზე იქნება პროგრესი”, – აღნიშნა სტანიშევმა.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმში.
სამიტის მოსალოდნელ შედეგებზე პირველი მინიშნება გერმანიის კანცლერმა რიგაში გამგზავრებამდე გააკეთა. ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ღიად განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ სავიზო რეჟიმის გაუქმებამდე ჯერ ყველა პირობა უნდა შეასრულონ.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რიგაში მიმდინარე “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს” სადაც ხვალ საბოლოო შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნდება იმედიანად უყურებს.
„ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილები, პრაქტიკულად არცერთი განსხვავებული მოსაზრება არ მოგვისმენია, რომ საქართველოს ეს 6 თვე ძალიან წარმატებული იყო. ქართული მხარე ითხოვს კონკრეტული თარიღის ჩაწერას აღნიშნულ დოკუმენტში, თუმცა არც ეს იქნება პრობლემა თუ თვე და რიცხვი არ ჩაიწერება და დაიწერება მხოლოდ ის, რომ წლის ბოლომდე ვიზა ლიბერალიზაციას ქართული მხარე აუცილებლად მიიღებს,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს ძალისხმევა აღიარებულია.
“როგორც ყველას გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა წარმატება, რომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში განხორციელდა ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ამოცანები. პრაქტიკულად საქართველომ, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უმეტეს ნაწილში მიღწია ყველაზე მაღალ, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფინიშის ბოლო ეტაპზე. ნამდვილად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ ჩვენ მივიღოთ უკვე განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით”, -განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, კარგად შემუშავებული გეგმა აქვთ რას ნიშნავს ის ამოცანები, რაც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა განხორციელდეს და ასევე არის ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა.
რიგაში 21-22 მაისს იმართება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი – რიგით მეოთხე ასეთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ექვსი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, ბელორუსიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან ოფიციალური შეხვედრები დაიწყო სამიტის მასპინძელი ლატვიის პრეზიდენტთან, ანდრის ბერზინსთან შეხვედრით.
ბერზინსმა დაადასტურა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ლატვიაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
სამიტის ფარგლებში მთავარი სამუშაო შეხვედრები 22 მაისისთვის არის დაგეგმილი.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”7111″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1432229375161″]