მოზაიკა

10 რიმეიქი, რომელიც ორიგინალ სიმღერაზე პოპულარულია

არსებობს სიმღერები, რომელთა პოტენციალიც ერთი მომღერლის შესრულებით, ამოუწურავია. ზოგიერთი რიმეიქი იმდენად უკავშირდება პოპულარული შემსრულებლის იდენტობას, რომ მსმენელისთვის ხშირად უცნობი რჩება მისი ორიგინალი ვერსიის არსებობა. სტატიაში მოყვანილია 10 ქავერი, რომლებმაც წლების შემდეგ ახალი სიცოცხლე შეიძინეს და პოპულარობით, ორიგინალ ვერსიას აჯობეს.

1)You Spin Me Round ბრიტანული ბენდის Dead or Alive-ის 1984 წლის სინგლია, რომელიც გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა და გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჰიტ-პარადის სათავეში მოექცა. სიმღერა მოხვდა ამერიკული ბილბორდის ცხელ ასეულშიც, თუმცა 80-იანი წლების ჰიტი ალბათ ჩვენს დროში ნაკლებად ცნობილი იქნებოდა, მისი გავლენით, ამერიკელ რეპერს ,,ფლო რიდას“ მომღერალ ქეშასთან ერთად, სიმღერა Right Round რომ არ ჩაეწერა.

2) ის, რომ სიმღერა Valerie ემი უაინჰაუსს არ ეკუთვნის, ამ არაჩვეულებრივ ქავერს არაფერს აკლებს, თუმცა თუ მისი ორიგინალი ვერსია გაინტერესებთ, ბრიტანულ როკ ჯგუფ The Zutons-ის შესრულებას უნდა მოუსმინოთ. სიმღერა 2006 წელს, ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომში შევიდა, 2007 წელს კი მისი რიმეიქი მარკ რონსონმა და ემი უაინჰაუსმა
ჩაწერეს და ის ბევრად უფრო პოპულარული გახადეს.

https://www.youtube.com/watch?v=aDqqm_gTPjc

3) ძნელად მოინახება ადამიანი, რომლისთვისაც სიმღერა I Will Always Love You, უიტნი ჰიუსტონთან არ ასოცირდება, თუმცა მისი ავტორი და პირველი შემსრულებელი, ამერიკელი მომღერალი დოლი ფარტონია. 1974 წელს გამოსული სიმღერის ქავერ ვერსია 1992 წლის ფილმისთვის, ,,პირადი მცველი“ ჩაიწერა. უიტნი ჰიუსტონის შესრულებით, ეს სიმღერა 14 კვირის მანძილზე ლიდერობდა ბილბორდის ცხელი ჰიტების ასეულში და ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სინგლად დასახელდა.

https://www.youtube.com/watch?v=CVxrb_1rP4Y

4) პოპულარული ფინური სიმღერა Ievan Polkka ფინელმა კომპოზიტორმა ეინო კეტუნენმა 1930-იან წლებში დაწერა და მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა, თუმცა კიდევ უფრო დიდი წარმატება, ამ სიმღერის რემიქსს ხვდა წილად. მისი nightcore ვერსია ნორვეგიელმა მუსიკოსებმა DJ TNT and DJ SOS მა შექმნეს. Nightcore ორიგინალ ჩანაწერს 10-30 %-ით აჩქარებს და მნიშვნელოვნად ამაღლებს მის ტონალობას. პროექტის ფარგლებში, სულ 5 ალბომი გამოვიდა, ეს ტრეკი კი მათ შორის, ყველაზე პოპულარული გამოდგა.

https://www.youtube.com/watch?v=mGuW7pD_fhg

5) შეიძლება ვინმემ სანაძლეოც წააგოს, რომ სიმღერა Respect არეტა ფრანკლინს ეკუთვნის, თუმცა სინამდვილეში, ის პირველად ამერიკელმა მომღერალმა ოტის რედინგმა შეასრულა 1965 წელს. იმის მიუხედავად, რომ სიმღერის ორიგინალი ვერსიაც ძალიან საინტერესოა, ის უფრო იღბლიანი ფრანკლინისთვის აღმოჩნდა და მომღერალს გრემის ორი ჯილდო მოუტანა.

6) პინკის, კრისტინა აგილერას, ლილ ქიმისა და Mya-ს ცეცხლოვანი კვარტეტი სიმღერით Lady Marmalade, ფილმ მულენ რუჟის საუნდტრეკი და მომღერლების ძალიან წარმატებული კოლაბორალიზაციაა, თუმცა ამ სიმღერის ფესვები 70-იან წლებში უნდა ვეძებოთ, როცა ბობ ქრიუსა და ქენი ნოლანის მიერ დაწერილი სიმღერა პირველად, ჰიტად ამერიკულმა გოგონათა ჯგუფმა ლაბელმა აქცია.

7) Skinny Love, რომლის ქავერ ვერსიაც მსმენელს ბრიტანელმა მომღერალმა ედ შირანმა 2011 წელს შესთავა, ამერიკელ მომღერალსა და სიმღერების ავტორს ჯასტინ ვერნონს ეკუთვნის და პირველად 2007 წელს შესრულდა.
შეიძლება დავა, ვისი შესრულებაა უკეთესი, თუმცა ფაქტია – ამ სიმღერას მეტი პოპულარობა ედ შირანმა მოუტანა.

https://www.youtube.com/watch?v=WxY47jh9owA

8) ალბათ ყველას მოგისმენიათ “Killing Me Softly With His Song” და არ არის გამორიცხული, ეს სიმღერა ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Fugees-ის შესრულებასთან ასოცირდებოდეს, თუმცა მისი ორიგინალი ვერსია ამერიკელ მომღერალსა და სიმღერების ავროტს, ლორი ლიბერმენს ეკუთვნის.

https://www.youtube.com/watch?v=29PSPafL54o

9) ბლუზის სტანდარტად მიჩნეული სიმღერა I Can’t Quit You Baby ამერიკელმა მუსიკოსმა, ბლუზის უდიდესმა შემსრულებელმა უილი დიქსონმა დაწერა და 1956 წელს. მას ასევე ეკუთვნის სიმღერა You Shook Me – სწორედ ეს ორი სიმღერა გამოარჩევს ლედ ზეპელინის სადებიუტო ალბომს სახელწოდებით Led Zeppelin. როგორც აღმოჩნდა, დიქსონმა ბლუზის გარდა, 60-იანი წლების როკ მუსიკის განვითარებაშიც შეიტანა წვლილი, რადგან სიმღერები მისი რეპერტუარიდან, არაერთი როკ ჯგუფისთვის აღმოჩნდა წარმატების მომტანი.

10) კიდევ ერთი შემსრულებელი, რომლის სიმღერაც დღეს ლედ ზეპელინთან ასოცირდება, ენ ბრიდონია. სწორედ მისი დაწერილია Babe I’m Gonna Leave You, რომელიც პირველად, ამერიკელმა მომღერალმა და სამოქალაქო აქტივისტმა ჯონ ბაიეზმა შეასრულა, 1969 წელს კი ლედ ზეპელინის სადებიუტო ალბომში მოხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button