Hereti FM

ზვიად გამსახურდიას საქმე შესაძლოა დაიხუროს

130
Share Button

ზვიად გამსახურდიას საქმე ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო, შესაძლოა დაიხუროს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. გამსახურდიები უკმაყოფილო არიან გამოძიებით. მათი განცხადებით, ხელისუფლებას 2015 წელს ჰქონდა მცდელობა, როცა კვალიფიკაცია შეუცვალეს საქმეს და გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყეს, თუმცა რეალურად არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

პირველი პრეზიდენტის შვილები ეჭვს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ჩართულ ადამიანებს მოქმედ ხელისუფლებაშიც მფარველები ჰყავთ, რადგან მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც მოწმეები გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზატორად ასახელებდნენ, პროკურატურამ ერთი თვის წინ ზედაპირულად დაკითხა.

კონკრეტულ მაღალჩინოსანზე მიუთითებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი. უფლებადამცველის თქმით, მოწმე მხოლოდ გამოძიების ვადების ხანდაზმულობის გამო შეწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე დაიკითხა.

მოისმინეთ კონსტანტინე გამსახურდიას და ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის კომენტარები.

დღესვე, ძმებ გამსახურდიების მოთხოვნის საპასუხოდ, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, – ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მათ პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის უშუალო გამომძიებელთან და პროკურორთან, ასევე საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა თავდაპირველად გამოთქმული თანხმობის მიუხედავად, ისინი შეხვედრაზე აღარ გამოცხადდნენ.

პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ასევე მისი ძმისთვის და მათი ინტერესების დამცველისთვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაცნობას გეგმავდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი