ირაკლი ალასანია: ამ ორგანიზებულ დანაშაულს სათავეში ივანიშვილი უდგას

ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურამ საჩივარს საიდუმლო გრიფი დაადო.თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, ეს დანაშულია. 

“ეს არის ორგანიზებული დანაშული, რომელსაც თავში უდგას ივანიშვილი და ის და მისი გუნდი ყალიბდება როგორც მაფიოზური კლანი. მაშინ ასეთივე წარმატებით შეუძლიათ ნებისმერი თემა გაასაიდუმლონ, და საზოგადოებას მასზე საუბარი აუკრძალონ, გაასაიდუმლონ ეკონომიკური კრიზისი, რომ არ ვისაუბროთ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე, აბსურდამდე მიდიან უკვე,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პროკურატურის გადაწყვეტილება ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა და თავისუფალი დემკრატების ლიდერებმა არასამთავრობო სექტორსაც გაცნეს.

ირაკლი ალასანია  მოსამართლეების დღეს გაკეთებულ განცხადებებსსაც გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, მათ კატეგორიულად უარყვეს ყოფილ პრემიერმინისტრთან შეხვედრის ფაქტი და პოლიტიკოსებს სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობისგან თავის შეკავება ურჩიეს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასეთი შეხვედრა შედგა.

კანონპროექტში ცვლილებას, რომელიც რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებდა, ალასანიას ამ შეხვედრის სინამდვილეს კიდევ უფრო უღრმავებს.

„იმ კანონპროექტზე მუშაობა, ცხადყოფს და ჩემში აღრმავებს იმ ეჭვს, რომ ასეთი გარიგება შედგა. მაგრამ, როდესაც მტკიცებულებები მექნება, გამოვიტან საზოგადოებაში,” – აცხადებს ირაკლი ალასანია.

ალასანიას ბრალდებებს პასუხობენ მოსამართლეებიც. განცხადებები გააკეთეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებმაც. ისინი კატეგორიულად უარყოფენ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ფაქტს და ირაკლი ალასანიას განცხადებას სასამართლოზე ზეწოლად აფასებენ.

მათივე მტკიცებით, კანონპროექტში ცვლილებას, რომელიც რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებდა, არავითარი კავშირი არ აქვს შეხვედრასთან, რომელიც მათი თქმით, არ შემდგარა.

„ეს არის ჩარევის პირდაპირი მცდელობა სასამართლოზე გადაწყვეტილების ზეგავლენის მიზნით. შესაბამისად, ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებს, რადგან ბუნებაში ასეთი შეხვედრა არ ყოფილა. ცოტა მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო, რიდესაც ვეხებით სასამართლოს და ვცდილობთ მისი ჩათრევა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებში,“ – აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას კატეგორიულად უარყოფს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის შეფასებით, ეს არის მიმართული სასამართლოს შანტაჟისკენ.

„ვადასტურებ, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ მქონია. მცდელობა, რომ სასამართლო ჩართონ პოლიტიკურ პროცესში, ეს არის დამღუპველი და დაუშვებელი. ამიტომ, ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, სასამართლო ჩართონ პოლიტიკაში,“  – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეების შეხვედრაზე არ აქვს ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ნინო გვენეტაძის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები შეურაცხმყოფელია სასამართლო კორპუსისათვის.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button