მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აქცია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით

ე.წ. მოდულის შენობასთან ახალგაზრდებმა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გამართეს.

როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თეონა ჭალიძემ განუცხადა, სახელმწიფო თავის შეცდომას არ აღიარებს და ამ დრომდე საქმე გამოუძიებელია.

„ერთი წელი გავიდა, რაც მძინარე თემირლან მაჩალიკაშვილი საწოლში ჩაცხრილეს. ამ შენობაში სხედან იმ უკანონო სპეცოპერაციის შემოქმედები და ის მკვლელები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ სპეცოპერაციაში და თემირლანის მკვლელობაში. საქმე გამოუძიებელია, მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე 105-ე დღეა პარლამენტთან ცხოვრობს. კი არ ცხოვრობს, არსებობს შეიძლება ითქვას. ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ მათი ოჯახის ტრაგედია, ეს ჩვენი ყველას ტრაგედიაა, ამიტომ ჩვენ სიმბოლურად მოვედით ამ შენობასთან, რომ მოვითხოვოთ სამართლიანობის აღდგენა, სიმართლის გარკვევა, გამოძიების სწრაფად დასრულება. ჩვენ ტანსაცმელზე გავიკარით ეს სიმბოლური ნატყვიარები. სახელმწიფო თავის შეცდომას არ აღიარებს, არ უნდა იმის აღიარება, რომ უდანაშაულო ადამიანი შეიწირეს”, – განაცხადა ჭალიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button