მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძეს უფლებამოსილება შეუჩერა

“ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე, “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.
ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, “თიბისი ბანკის’ აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.
ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას, გამოვლინდა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “თიბისი ბანკი”, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანასა და რეგიონში, ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. “თიბისი ბანკი” ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული “თიბისი ბანკზე”.
“თიბისი ბანკი” ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც “თიბისი ბანკის” შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

მსგავსი პოსტები

Back to top button