მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ლაგოდეხი-გურჯაანის გზაზე მოძრაობა შეჩერებულია

კახეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან. რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ მდინარე ალაზნის ადიდება გამოიწვია. დაიტბორა ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზა.

როგორც რადიო „ჰერეთს“ გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, “ამ დროისთვის საპატრულო პოლიციას ლაგოდეხი-გურჯაანის გზაზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა აქვს გადაკეტილი”.

მისივე სიტყვებით, “ალაზნის ადიდების შედეგად მოშლილია ბურჯები და ნიაღვარი დაახლეობით ორი კილომეტრის მანძილზე გადმოდის”.

ადიდებულმა წყალმა დაახლოებით 1000 ჰექტრამდე სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა, სადაც მოსახლეობას ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები მოჰყავს.

მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, წყლის დიდი რაოდენობის გამო ჯერ არ დაწყებულა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე დურუჯიც.ყვარელში დაიტბორა ვენახები და საზამთროს ბაღები.წუხელ დაისეტყვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიც.

სეტყვამ სოფელ არბოშიკში ვენახები და სხვა კულტურები ნაწილობრივ განადგურა. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

დედოფლისწყაროს მერია სპეციალური კომისიის შექმნას აპირებს, რომელიც ზიანს აღწერს.

სტიქიას კახეთში უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. 9-10 მაისს თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა: სტორმა და ალაზანმა ჯებირები გაარღვია და მიმართულება შეიცვალა.

პანკისის ხეობაში ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდს საყრენები აქვს გამოცლილი.

უფრო ადრე, 4-5 მაისს სტიქიამ ლაგოდეხის 20-მდე სოფელი დააზარალა. 200-მდე სახლი დაიტბორა. ნათესებთან და ნარგავებთან ერთად განადგურდა ავეჯი და ტექნიკა.

ყველა მუნიცილაპიტეტში, სადაც სტიქია იყო, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება სახელმწიფო უწყებებს ჯერ არ მიუღიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button