მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიეს მიმდებარედ სიტუაცია არაპროგნოზირებადი და საშიში ხდება – IAEA

გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელის რაფაელ გროსის ცნობით, უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო სიტუაცია “პოტენციურად საშიშია”.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოსკოვის მიერ კონტროლირებულმა ადგილობრივმა ე.წ ხელისუფლებამ მიმდებარე ქალაქი ენერგოდარიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ოჯახებს, რომლებსაც ბავშვები და ხანდაზმულები ჰყავთ, მოსკოვმა უკვე უბრძანა დატოვონ ზაპოროჟიეს რეგიონი. ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქის, მელიტოპოლის მერი ამბობს, რომ არ იცის “რამდენად ნებასურვილით ხდება გადაადგილება”, და საუბრობს “შეშლილ პანიკაზე და არანაკლებად შეშლილ რიგებზე” გამშვებ პუნქტზე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისკენ.

IAEA-ს ხელმძღვანელი შეშფოთებულია ბირთვული საფრთხეებისა და მათი შესაძლო შედეგების გამო და რუსეთს ევროპის უდიდესი ბირთვული ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობისთვის საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოგადი სიტუაცია მზარდად არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება.

მე ძალიან ვარ შეშფოთებული ბირთვული საფრთხეების გამო, რაც ძალიან რეალურია და უსაფრთხოების რისკებზე, რომელიც სადგურს ემუქრება. ახლა უნდა ვიმოქმედოთ, რათა სერიოზული ბირთვული ინციდენტის საფრთხე და მოსახლეობისა და გარემოსთვის მასთან დაკავშირებული შედეგები თავიდან ავირიდოთ” – განაცხადა გროსიმ.

გროსის თქმით, ელექტროსადგურის პერსონალი ადგილზე რჩება, თუმცა ადგილზე არსებული მდგომარეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის სულ უფრო იძაბება.
უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის იმ ნაწილში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს 5 მაისს ფრონტის ხაზთან მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, ადგილობრივი ე.წ ხელისუფლების თქმით, გახშირებული დაბომბვის გამო გამოცხადდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ევაკუირებული მოსახლეობა აზოვის ზღვის მიმდებარედ, ბერდიანსკისა და პრიმორსკის ტერიტორიებზე გადაჰყავთ.

ამ დროისთვის ზაპოროჟიეს რეგიონის დაახლოებით 80%-ს რუსეთი აკონტროლებს.

IAEA-ს ექსპერტთა ჯგუფი ტერიტორიაზე 2022 წლის სექტემბერს ჩავიდა. მისი ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ბოლოს 2023 წლის მარტში იმყოფებოდა, რათა მხარეებს შორის სადგურის უსაფრთხოდ მუშაობის შესახებ შეთანხმებისთვის მიეღწია.

გროსიმ არაერთხელ გააფრთხილა მხარეები ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ სამხედრო მოქმედებების საფრთხეებზე.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მხრიდან არაერთხელ დაიბომბა. რუსეთი ზაპოროჟიეს სადგურზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე უკრაინის ელექტროენერგიის დაახლოებით მეხუთედს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გამოიმუშავებდა. თავდასხმების გამო, სადგურის სარეზერვო გენერატორებზე გადართვა არაერთხელ გახდა საჭირო.

6-დან 7 მაისის ღამეს უკრაინის ბევრ რეგიონში ისმოდა უმაღლესი ინტენსივობის განგაშის სირენა, რუსეთის მხრიდან განურჩეველი დაბომბვისა და აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტისთვის მიმდინარე ბრძოლის ფონზე – რომლის დაკავებაც მოსკოვს 9 მაისის ზეიმამდე სურს.

პარალელურად, გაეროს ბირთვული სააგენტო “ძლიერ შეშფოთებას” გამოთქვამს, რადგან უკრაინის სამხედროებმა გააძლიერეს ცეცხლი რუსეთის ძალების უკუგდებისთვის აღმოსავლეთში, ზაპოროჟიეში, ევროპის უდიდეს ბირთვულ სადგურთან, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავა.

7 მაისს, ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ “უკრაინის მასშტაბით საკმაოდ მაღალი რჩება სარაკეტო და საჰაერო თავდასხმათა ალბათობა”. ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმია “ძირითად ძალისხმევას” ახმარს ლიმანის, ბახმუტის, ევდეევკასა და მარინკას აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში.

შეგახსენებთ რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი გამოდის გაფრთხილებით, რომ “ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურთან ზოგადი ვითარება უფრო და უფრო განუსაზღვრელი და პოტენციურად საშიში ხდება”.

მსგავსი პოსტები

Back to top button