აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარები სახელმწიფოს ყურადღებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მწყობრიდან გამოსული ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად ხელისუფლების მხარდაჭერაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, 6 წლის წინ გაფუჭებული ყველაზე დიდი ტელესკოპი და ის დარბაზები, სადაც წყალი ჩამოდის, ვერ შეკეთდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ წელს აბასთუმნის ობსერვატორიისთვის მილიონ ლარზე მეტი გადაირიცხა და იგივე თანხის ოდენობას მიმდინარე წელსაც ჩარიცხავენ, თუ ობსერვატორიიდან შესაბამისი მიმართვა და დოკუმენტები იქნება წარდგენილი.

აბსთუმნის ობსერვატორიის დირექტორის მაია თოდუას განცხადებით, გასულ წელს სამინსიტროს მიერ გაწერილი თანხიდან 750 ათასი ლარი ხელფასებს მოხმარდა. დარჩენილი თანხით კი არა ერთი ძვირად ღირებული ტექნიკა შეიძინეს.

რაც შეეხება ერთ–ერთ მნიშნველოვან პრობლემას, მწყობრიდან გამოსულ ყველაზე დიდ ტელესკოპს, რომლის საშუალებითაც ობსერვატორიაში შორეულ ციურ სხეულებს აკვირდებიან, თოდუა ამბობს, რომ ამის შესახებ მან განათლების სამინისტროს წერილობით ორჯერ მიმართა: „ცალკე ტელესკოპის შესახებ სამინისოტრს 2015 წელსაც მივწერეთ და 2016 წელსაც“.

მთლიანად აბასთუმნის ობსერვატორიაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას კი როგორც აღნიშნული ობიექტის დირექტორი აცხადებს 10–დან 20 მილიონ ლარამდე სჭირდება: „ყველაფრის კაპიტალური რემონტი მხოლოდ ამ თანხაში იქნება შესაძლებელი რომ გაკეთდეს. რადგან ამის საშუალება არ არის, წლების განმავლობაში ეტაპობრივად ვარემონტებთ იმას რაც ძალიან აუცილებელი და საჭიროა. რამდენიმე წლის წინ აქ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო, ახლა ასე აღარაა“.

მსგავსი პოსტები

Back to top button