რეგიონი

ადგილობრივ თვითმმართველობებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გეგმა არ აქვთ

ადგილობრივ თვითმმართველობებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გეგმა არ აქვთ.
კახეთის რეგიონში უკრაინიდან მოქალქეების ჩასვლის შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტები მათ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ.

ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქმედი სოციალური პროგრამები, მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზეა გათვლილი.

მუნიციპალიტეტების მერიებში განმარტავენ, რომ გეგმა უკრაინიდან ლტოლვილების შემოსვლის შემთხვევაში, არ შემუშავებულა და საომარი მოქმედებების ზონიდან ლტოლვილი მოქალქეების დახმარება, ცენტრალიზებული წესით ხდება.

” ცენტრალიზებულად ხდება ყველანაირი დახმარების აღმოჩენა, ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი და განთავსება, ჯანდაცვა და სხვა მომსახურებები მათთვის არის უფასო. აქ, ადგილზე, კანონიც არ გვაძლევს საშუალებას რამე გავაკეთოთ”-ამბობს თელავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, გიორგი ენუქიძე.
მუნიციპალიტეტებში რომ ლტოლვილების მისაღებად გეგმა არ არის, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს. ალექსი ფიცხელაური, რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ უკრაინელების დასახმარებლად, მხოლოდ კერძო ინიციატივები გამოითქვა.

” ცალკე გეგმა არაფერი დაგვისახავს, რასაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მომსახურებოდა, მაგრამ გვაქვს კერძო ინიციატივები. მაგალითად, საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ოჯახებში შეიფარებენ და ყველანაირად მიხედავენ”– განაცხადა ფიცხელაურმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, შაქრო ტერტერაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს, უკრაინელი ლტოლვილების დახმარების საშუალება საქართველოს მთავრობამ უნდა მისცეს.

” მთავრობას შეუძლია ხუთ წუთში მოაგვაროს ეგ საკითხი და სამართლებრივ- ფინანსური შესაძლებლობა მისცეს ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთი დახმარება გაუწიონ უკრაინელ ლტოლვილებს. მას შეუძლია მიზნობრივად გამოყოს თანხა, რომელიც ადგილზე დაიხარჯება , ბინის ქირის, კვების, ჯანდაცვისა და ყველა სხვა ღონისძიების ეფექტურად განხორციელებისათვის. ჩვენ, საკრებულოში შევკრიბეთ გარკვეული თანხა, ყველა წევრმა შეიტანა თავისი წვლილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, სხვა მიდგომაა საჭირო და ადგილზე ეფექტურად ამის გაკეთება შეიძლება”– განაცხადა ტერტერაშვილმა.

კახეთის რეგიონში უკრაინელი ლტოლვილების მასიურად შემოსვლის ფაქტი, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
ჯერჯერობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს დნეპროპეტროვსკის ოლქიდან ჩასული უკრაინული ოჯახის შვიდი წევრი, რომლებიც ადგილობრივმა მცხოვრებმა შეიფარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button