ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი 15 ჰექტარზე მეტ ფართობს უკიდია

თურქეთიდან მოფრენილი ვერტმფრენები სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ამ წუთებში, ბორჯომის ხეობაში 5 ვერტმფრენი მუშაობს.
ვერტმფრენები რამდენიმე საათია თურქეთიდან მოფრინავდნენ. ოფიციალური ცნობებით, ქართული მხარე თურქეთიდან ასევე ელოდება 10-ტონიან ვერტმფრენს, რომელიც საქართველოს ტერიტორიას ხვალ გადმოკვეთს.
„ვერტმფრენები ღამით მუშაობას ვერ შეძლებენ, თუმცა ცოცხალი ძალა და ტექნიკა მობილიზებულია და 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ,” – განაცხადა მედიასთან ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.
საქართველოს მთავრობა დამატებით ორ ვერტმფრენს ელოდება აზერბაიჯანიდანაც, რომლებსაც ხანძრის ჩასაქრობად ცოცხალი ძალაც გადმოჰყავთ.
დღეს, სოფელ წაღვერთან ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა, იწვის ასევე დაბის მოსახლეობის კუთვნილი ნაკვეთებიც, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხალხის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, შექმნილ ვითარებას თავს ართმევს, შესაბამისად პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა შედეგებით უკმაყოფილოა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც აცხადებს რომ ოპერაცია არაეფექტურად მიმდინარეობს. სოფლის მოსახლეობა მედიასთან ამბობს, რომ ცეცხლი მათთან დაახლოებით 200 მეტრზეა.
ადგილობრივი გაზეთის “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, დაბაში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო შესაძლოა ცეცხლი დასახლებულ პუნქტზე ძალიან მალე გადავიდეს. მათი განმარტებით დღეს, მათ სოფელთან შედარებით ნაკლები ძალა იყო მობილიზებული, რის გამოც ხანძრის კერები სოფელს მიუახლოვდა.
„ასეთი უყურადღებობა 2008 წლს აგვისტოშიც არ გვახსოვს“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი 15 ჰექტარზე მეტ ფართობს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.
მასალაში გამოყენებულია ტელეკომპანია “ბორჯომის” ფოტო