ადგილობრივი თვითმმართველობები სააღდგომო საჩუქრებს არ დაარიგებენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ წელს სააღდგომო ნობათები არ მზადდება
ადგილობრივი თვითმმართველობები სააღდგომო საჩუქრებს არ დაარიგებენ.
თითო პასკას და რამდენიმე წითელ კვერცხს, მხოლოდ სათნოების სახლის ბენეფიციარები მიიღებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ, თავად მუნიციპალიტეტების მერიებში ადასტურებენ.
ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შესაბამისად, ტენდერებიც არ გამოაცხადეს.
მერიები განმარტავენ, რომ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების სააღდგომო ნობათებისათვის, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა გამოყოფილი არ არის.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ წელს სააღდგომო ნობათები არ მზადდება. გურჯაანში კი, მერიის განმარტებით, კვერცხებსა და პასკებს მხოლოდ საკუთარი ბენეფიციარებისთვის, უპოვართა და უმწეოთა სახლი მოამზადებს.
” სამწუხაროდ, წელს ნობათები არ იქნება და ტენდერის გამოცხადებაც მაგიტომ აღარ გახდა საჭირო. სააღდგომო ნობათი გასულ წელსაც არ იყო, ბიუჯეტში თანხა არ არის გათვალისწინებული”-აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველები ნობათს ვერ მიიღებენ სიღნაღსა და დედოფლისწყაროშიც.
ადგილობრივი თვითმმართველობები, ამ მუნიციპალიტეტებშიც აცხადებენ, რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ არის და თითო პასკა და რამდენიმე წითელი კვერცხი, სათნოების სახლების ბენეფიციარებისთვის დარიგდება.
მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებას სააღდგომო ნობათებთან დაკავშირებით, უარყოფითად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, თემურ ბუწაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობები მხოლოდ საკუთარი კომფორტის მოწყობით არიან დაკავებული.
“ხელფასები გაიორმაგეს, ავტოპარკეები გაახლეს და მილიონის მეოთხედი ავტომანქანების შესაძენად და საკუთარი კომფორტისთვის დახარჯეს.სხვა რეალურად არც არაფერი აინტერესებთ. გაჭირვებული ადამიანები მუდმივად ყურადღების მიღმა არიან.ეს არის ვით სოციალური პაკეტის ზრდა? ისეთი ბიუროკრატიული ბარიერები აქვთ, მოქალაქეებს მოსვლა და 50 ლარის მისაღებად რიგში დგომა აღარ უღირთ. არ ვიცი, რა დავარქვა ამას, რომ სააღდგომოდ ხალხს ასე ტოვებენ. ველოდები, რომ პრემიებს დაირიგებენ და ღვთიურ მანანას ან რამე მსგავსს დაარქმევენ”- ამბობს ბუწაშვილი.
სააღდგომო ნობათებისათვის ტენდერი მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს გამოცხადებული.
ტენდერში გამარჯვებული უახლოეს დღეებში უნდა გამოვლინდეს.