,,ადრე თუ გვიან ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა,,-ოცნება ოპოზიციის მანდატებზე უარი თქმას ეხმაურება
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, ბარიერგადალახული ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა.
ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტში უფრო სწრაფად შესვლა ოპოზიციას უხერხულობას შეუქმნის, საგაზაფხულო სესიის გახსნისას კი, ვნებათაღელვა შედარებით დამცხრალი იქნება და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ბევრი პარლამენტში შესვლას მოითხოვს.
„ოპოზიციამ თავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო, როცა ხელაღებით თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის ვერც ერთი კონკრეტული მტკიცებულება და არგუმენტი ვერ მოიტანა. ახლა ძალიან რთულია უკანა სვლის ნაბიჯების მოფიქრება. ამიტომ დროებით უნდა მოთელონ და დაღალონ ვითარება. ბოლოს, ადრე თუ გვიან – ალბათ, უფრო საგაზაფხულო სესიისკენ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შემოვა.
ახლა ოპოზიციის ქმედებები პოლიტიკური ხულიგნობის მასშტაბს ვერ სცდება – რამდენიმე ადამიანი გზას კეტავს, ხალხში უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ეს უკმაყოფილება ისევ ამ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიიმართება.
ბევრი შიგნიდან იტყვის, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა უაზრობაა, ამიტომ მათი რაღაცა ნაწილი პარლამენტში შემოვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა
“გეგმა თუ უგეგმობა, ეს არის ახლა ოპოზიციის დღის წესრიგი,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციას სამოქმედო გეგმა არ გააჩნია.
“არც გეგმა აქვთ, არც უგეგმობას ეგუებიან და უკვე მოადგათ კარს ახალი წლის წინა დღეები და ამის იმედადღა არიან, რომ იქნებ საზოგადოებას, მათ შორის, მათ ამომრჩევლებს გადაავიწყდეს ის დაპირება, რაც მათ ოპოზიციამ მისცა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ ოპოზიციაში გეგმა არ არის და ამას თვითონ აღიარებენ. თქვეს, რომ ჩვენ მამუკა ხაზარაძის გარდა, გეგმა არა გვაქვსო და ახლა მამუკა ხაზარაძეს გეგმად ვერ მიიჩნევს ზოგიერთი ოპოზიციაში. გვარამიასა ვკითხოთ, როგორი გეგმა არ არის მამუკა ხაზარაძე ან ნიკა მელიას? – აქედან გამომდინარე, ეს გეგმა თუ უგეგმობა ოპოზიციაში ყოველთვის იქნება გამომდინარე მათი წინასაარჩევნო კამპანიიდან, რომელიც ჩაატარეს ლგბტ დროშით ხელში,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცესკო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ამ ეტაპზე რეგისტრაციას ვერ გაუუქმებს
თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაიწყოს მუშაობა ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებების ჩამდენთა მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე. ამის შესახებ მან მედიის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, გამოძიების შესაძლებლობა საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაშიც არსებობს.
“ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით საარჩევნო კამპანიის დროს გავაკეთეთ განცხადება და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება იმიტომ, რომ იყო მთელი რიგი გეგმები და გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ძალიან მძიმედ დაამახსოვრდა მოსახლეობას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნა. როგორ შეიძლება შენ იყო ხელისუფალი და ექცეოდე შენი ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ექცეოდნენ ეს ადამიანები მოსახლეობას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. შესაბამისად, ყველას და ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად შევა, თუმცა ამისთვის დრო დასჭირდებათ.
„პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, მინისტრები, და ჩვეულებრივად გაგრძელდება მუშაობა. ოპოზიცია შემოვა თუ არ შემოვა ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მე მგონია, რომ ისინი შემოვლენ. ცოტა დრო დასჭირდებათ, იმიტომ რომ მოთელვა აქვთ თავის ამომრჩეველთან, რომლებსაც ატყუებდნენ, მაგრამ დაველოდოთ – ყველაფერი იქნება მაგრად, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.
“ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი და მცდელობა, რომ ის მინავლებული მუხტი, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებია მოსახლეობაში, რაღაცნაირად გააღვივონ,” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, ლევან მახაშვილი კოალიცია “ცვლილებებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს. ორი ოპოზიციური გაერთიანება საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.
მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატების შეჩერების საკითხი პარლამენტის პრეროგატივაა.
“ეს კინო ნანახი გვაქვს. საზოგადოებას ახსოვს 2020 წელს აბსოლუტურად იგივე ტიპის მსჯელობა, მოწოდებები და განცხადებები, საბოლოო ჯამში, კი ვნახეთ, ყველა ერთმანეთს ასწრებდა პარლამენტში შემოსვლას. იგივე სცენარია დღესაც. ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმის და მცდელობა, რომ ის მინავლებული მუხტი, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებია მოსახლეობაში, რაღაცნაირად გააღვივონ და ხალხი დემონსტრაციებზე გამოიყვანონ. ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადება. სამართლებრივი შედეგები შეიძლება მხოლოდ დადგეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ცესკო სრულ სიას გადმოაგზავნის და პარლამენტი პირველივე სხდომაზე გადაწყვეტს მანდატები შეწყვიტოს ან არ შეწყვიტოს პირებისთვის, ესეც იმ შემთხვევაში პარლამენტში იქნება შემოსული ამ პირების განცხადება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ორი ოპოზიციური გაერთიანება საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა ისაუბრეს. პასუხად ცესკო და მმართველი გუნდი განმარტავს, რომ მსგავსი პროცედურა არ არსებობს კანონმდებლობის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბება ყველა დეპუტატმა ინდივიდუალურად უნდა მიმართოს უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.