მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის არმიამ კვლავ დაბომბა ქალაქი ხერსონი

რუსეთის არმიამ 9 ნოემბერს კვლავ დაბომბა ქალაქი ხერსონი, დაშავებულია ორი ადამიანი, იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.

“რუსეთის არმიამ ხერსონის კარაბელნის რაიონი დაბომბა. ორი ადამიანი დაშავდა. ერთი მამაკაცი ფეხის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ნათქვამია ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობაში.

როგორც ხერსონის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ განმარტა, რუსეთის თავდასხმის შედეგად მაღალსართულიან კორპუსებში ბინები დაზიანდა. მას არ დაუსახელებია დაზიანებული შენობების რაოდენობა.

8 ნოემბერს ხერსონის რეგიონში სულ მცირე ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის თავდასხმების შედეგად.
რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღიურად უშენენ ცეცხლს ხერსონის არაოკუპირებულ ნაწილს, კერძოდ, მის რეგიონულ ცენტრს. მტკიცებულებებისა და ფაქტების მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმას.

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინას უზარმაზარი მიღწევები აქვს ყირიმის მიმართულებით. ამის შესახებ განცხადება ალექსეი დანილოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ახლა ჩვენ გვაქვს უზარმაზარი მიღწევები ყირიმის მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვაქცევთ ყურადღებას იმას, რაც ეხება ხმელეთს, რაც ეხება რუსეთის ფედერაციის განადგურებას, მისი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერტიტორიაზე და შავი ზღვის ფლოტის განადგურებას – ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი მიღწევა“, – განაცხადა დანილოვმა.

ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი თავდასხმისას რაკეტა მოხვდა ლიბერიის დროშით მცურავ სამოქალაქო, სატვირთო გემს, რომელიც პორტში შედიოდა. ეს ინფორმაცია 8 ნოემბერს, ღამით, გაავრცელა უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, დაიღუპა გემის ლოცმანი და დაიჭრა ეკიპაჟის კიდევ 3 წევრი, რომლებიც ფილიპინების მოქალაქეები არიან. დაიჭრა პორტის 1 თანამშრომელიც.

თავდაცვის ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, მისი ინფორმაციით, გემის დაზიანებას ასახავს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კუბრაკოვის ინფორმაციით, გემს რკინის მადანი ჩინეთში უნდა წაეღო.

კუბრაკოვის თანახმად, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ რუსეთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე 21 მიზანმიმართული შეტევა განახორციელა და დააზიანა 160-ზე მეტი ობიექტი და 122 სატრანსპორტო საშუალება.

რუსეთმა უკრაინის ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური შეტევა დაიწყო 2023 წლის ზაფხულიდან, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ.
თურქეთის და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმება უზრუნველყოფდა შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს.
შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, უკრაინამ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, თავად აამოქმედა საექსპორტო დერეფანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button