ბრიტანეთის ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გეგმავს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში მანამდე დატოვოს, ვიდრე რუსეთი უკრაინას კომპენსაცია არ გადაუხდის.
ახალი კანონმდებლობა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ გამოაცხადა, ითვალისწინებს, რომ სუვერენული აქტივები უძრავი დარჩება, სანამ რუსეთი უკრაინას მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს.
„რამდენადაც უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის შემოჭრისგან, აშკარაა პუტინის ომის საშინელი შედეგები. უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროება არის – და იქნება – უზარმაზარი. ჩვენი დღევანდელი ახალი ზომებით, ვამკაცრებთ გაერთიანებული სამეფოს მიდგომას სანქციების მიმართ, ვადასტურებთ, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის გამოიყენოს სანქციები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმ ქვეყნის აღსადგენად, რომელსაც ასე უგუნურად დაესხა თავს“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისათვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრიტანეთმა 18 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის ღირებულების აქტივები გაყინა და რუსეთის 1 550-ზე მეტ მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, წუხელ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებიდან შეუტიეს ფრთოსანი რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგემ 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ ისროლა შავ ზღვაში მყოფი წყალქვეშა ნავიდან. ირანული წარმოების 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების სამხრეთის და აღმოსავლეთის სარდლობების პასუხისმგებლობის ზონაში მოქმედმა საჰაერო თავდაცვამ ყველა რუსული რაკეტა და დრონი გაანადგურა. გენერალური შტაბი კონკრეტულ რაიონებს არ ასახელებს.
ოდესის და დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 4 რუსული რაკეტა „კალიბრი“ ოდესის ოლქში გაანადგურეს, ხოლო 4 უპილოტო საფრენი აპარატი – დნეპროპეტროვსკის ოლქში. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.