რეგიონისაქართველოსიახლეები

ადვოკატი: “არმენ მკოიანის გათავისუფლებისთვის 20 000 ხელმოწერა შეგროვდა”

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმიშვილის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი სამველ პეტროსიანისთვის წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.

მისი თქმით, სახეზე იყო განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, შესაბამისად, მურმანიშვილმა კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, პროკურატურაში შუამდგომლობაც დააყენა.

საქმე ეხება ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში “ქართული ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანი და „პატრიოტთა ალიანის“ წარმომადგენელი ახალქალაქში, სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც მათ მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ.

შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი, სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი არმენ მკოიანი დააკავეს.

მურმანიშვილი მკოიანის გათავისუფლებასაც მოითხოვს, რადგან მისი თქმით, არმენ მკოიანს ჯანმრთელეობის პრობლემებიც აქვს. გარდა ამისა, ჯავახეთში მათ უკვე ხელმოწერა შეაგროვეს 20 000 ადამიანისგან, რომლებიც მკოიანს თავდებში უდგებიან:

„მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას თავში აქვს 7 სანტიმეტრამდე დიამეტრის კისტა და სისტემატურ მკურნალობას გადის როგორც თბილისში, ისე სტამბოლში. ექიმები ამბობენ, რომ სერიოზული საშიშროებაა, ის გადაიზარდოს სიმსივნეში. ეს დასკვნებიც წარდგენილი გვაქვს, თუმცა, დღემდე არაფერი შეცვლილა. გარდა აღნიშნულისა, 20 ათასმა ადამიანმა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ხელი მოაწერა ამ თხოვნას, რომ ის გათავისუფლდეს. არმენ მკოიანი არის დადებითი პიროვნება, წარჩინებული მოსწავლე, ოქროს მედლის კანდიდატია. ის დამამთავრებელ კლასშია და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არარელევანტურია.” – განაცხადა ადვოკატმა.

მურმანიშვილმა დაპირისპირების დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

„2019 წლის ოქტომბრის თვეში, სამველ პეტროსიანის შვილი ფიზიკურად უსწორდება ენზელ მკოიანის ძმას და მის თანმხლებ პიროვნებას. მიზეზი არის სრულიად უბრალო: მანქანით რომ გაიარეთ, ამიმტვერდა გზა და რატომ ამიმტვერეთო. ქვა ჩაარტყა, რომლის კადრებიც გვაქ წარმოდგენილი. დაუზიანა სახე როგორც მკოიანს, ისე მის მეგობარს. ორივე პიროვნება სასტიკად დააზიანა. შემდეგ, როდესაც მკოიანმა ჰკითხა რა გინდათ ჩემგანო, სამველ პეტროსიანი მანქანაში ჩაჯდა, მკოიანს მანქანის კარებში ჩაყვა თავისი პიჯაკი და ასე ათრია რამდენიმე მეტრი. ამაზე დაიწყო გამოძიება, თუმცა დღეის მდგომარეობით, საქმე ისევ თაროზეა შემოდებული. აქედან გამომდინარე, ცუდი ურთიერთობა აქვთ ოჯახებს“. – განაცხადა ადვოკატმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button