მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“რუსეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი”

“მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ”. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, რუსეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი.

„მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და საქართველო ამ ბრძოლაში არის განსაკუთრებულად წარმატებული, როგორც ჩანს, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ცინიკური დამოკიდებულებით რაღაც რუსულ ნარატივზე მიაპყრონ ქართული საზოგადოების ყურადღება და ცინიკურია იმიტომ, რომ რუსეთს ჯერ ბევრ თემაზე აქვს სალაპარაკო და ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი. ასევე ცინიკურია „უკვდავ პოლკზე“ საუბარი, რომელიც დაკავებულია იმით, რომ საბჭოთა სიმბოლიკის ტირაჟირება მოახდინოს და ამ თემებით აპელირება მოემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ქვეყანაში დისბალანსი შემოიტანოს.“ – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებული ვიდეოხიდის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button