აიღო თუ არა სანდრა რულოვსმა პარლამენტარის ხელფასი და დანამატი
“ნაციონალური მოძრაობის” სიით არჩეულმა სანდრა რულოვსმა პარლამენტიდან ანაზღაურება მიიღო. მისი შემოსავალი 1 675 ლარი იყო, საიდანაც თანხის 60 პროცენტი – 1 008 ლარი დანამატი იყო. ინფორმაციას პორტალი On.ge ავრცელებს.
სანდრა რულოვსმა საქართველოს პარლამენტში შესვლაზე უარი არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში თქვა. მის ნაცვლად პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ღვინიაშვილი შევიდა, რომელმაც, რულოვსის მსგავსად, 2016 წელს ხელფასიც და დანამატიც აიღო. მან მეცხრე მოწვევის პარლამენტში 5 081 ლარი გამოიმუშავა.
სანდრა რულოვსმა თანამდებობის პირის დეკლარაციაც შეავსო. იმის გამო, რომ დეკლარაცია 2016 წლის 31 დეკემბერს იყო შევსებული, რულოვსის სახელფასო შემოსავალში პარლამენტიდან მიღებული ანაზღაურება არ ჩანდა.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებმა 2016 წლის 18 ნოემბრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით, 43 დღეში, შემოსავლის სახით, 1 037 036 ლარი მიიღეს. ამ თანხის 60 პროცენტზე მეტი – 625 894 ლარი – პარლამენტარების დანამატები იყო, დანარჩენი 411 142 ლარი კი – თანამდებობრივი სარგო.
ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუკში თავად სანდრა რულოვსი გამოეხმაურა.
რულოვსი წერს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! მოგეხსენაბათ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1 დეკემბერს. მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი. ჩემი თხოვნით ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს”, რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონებავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა გაეშუქებინათ ბავშთა ჰოსპისის საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის (www.childrenshospice.org.ge)”, – დაწერა რულოვსმა ქსელში.