მნიშვნელოვანი

,,აიისა“: ,,ყველა დიზაინი, რაზეც პროტესტია, ამოიყიდა და ვაპირებთ, კიდევ დავამატოთ”

პრეზერვატივის ქართული ბრენდის, ,,აიისა“-ს დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ყველა ის დიზაინი, რამაც საპატრიარქოსა და მრევლის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, სრულად ამოყიდულია და კომპანია მათ გაყიდვას ისევ აპირებს.

,,ყველა ის დიზაინი, რაზეც პროტესტია, არის ბესთსელერი“, – განაცხადა ანანია გაჩეჩილაძემ რადიო ,,თბილისის“ ტოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ და აღნიშნა, რომ პრეზერვატივის წარმოება თამარ მეფის გამოსახულებით, მარკეტინგული გათვლა არ ყოფილა.

,,ეს ძალიან დაბალი დონის მარკეტინგული გათვლა იქნებოდა. უბრალოდ, ჩვენი ლიბერალური შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ელემენტარული აღსაქმელია ყველა ის დიზაინი, რასაც ვქმნით“, – განაცხადა ანანია გაჩეჩილაძემ და სიცრუე უწოდა მამა რამაზ ჯანგავაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანიას ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აფინანსებს.

ანანია გაჩეჩილაძის თქმით, კომპანიის მიზანი არ ყოფილა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და დაპირისპირებულ მხარეს დავის სასამართლოში გაგრძელება ურჩია.

შეგახსენებთ, მამა რამაზ ჯანგავაძემ კომპანიას ქართველი წმინდანის გამოსახულებიანი პრეზერვატივების დაწვისკენ მოუწოდა. საპატრიარქომ კი, სახელმწიფოს მიმართა, ადამიანთა რელიგიური გრძნობების დაცვა უზრუნველყონ.

მოისმინეთ ანანია გაჩეჩილაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button