ახალ ზელანდიაში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა [Video]
ახალი ზელანდიის სანაპიროებთან ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდამ 6,2 შეადგინა, – იუწყება Reuters.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ კაიკურას დასავლეთით 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში 13 ნოემბერს პირველი ძლიერი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სამხრეთის კუნძულზე, ქალაქ კრაისტჩერჩის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ველინგტონის ქალაქის საბჭომ ცუნამის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.
როგორც ცნობილია, ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე წყნარი ოკეანის “ცეცხლოვანი სარტყელი” – 40 ათასი კილომეტრის სიგრძის ვულკანური განხეთქილების ზოლი მდებარეობს, რომელიც მოიცავს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას ალიასკის სამხრეთ ნაწილამდე. შემდეგ უხვევს იაპონიისკენ, ფილიპინებსა და ინდონეზიისკენ, ხოლო სრულდება ახალ გვინეასთან, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ-დასავლეთ ოკეანიასთან. ზუსტად ამ “ცეცხლოვან რკალში” მდებარეობს პლანეტის ცნობილი ვულკანების აბსოლუტური უმრავლესობა. იქვე ფიქსირდება დედამიწაზე მომხდარი მიწისძვრების 90% პროცენტი.