რეგიონისაქართველოსიახლეები

ახალგორელი პაციენტების მდგომარეობა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორში მძიმე პაციენტებს საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლებას ისევ ზღუდავს: „ახალგორელებს აკრძალული აქვთ არა მარტო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, არამედ გეგმიური მომსახურებაც ახალგორის ადგილობრივ საავადმყოფოში“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა შესაძლო ღონისძიება გამოიყენოს, რათა ახალგორში მცხოვრებმა მძიმე პაციენტებმა სამედიცინო დახმარება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღონ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ახალგორთან ე.წ. საზღვარი ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში დაკეტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი საპოლიციო საგუშაგოს აღებას არ დათანხმდა.

ახალგორელებისთვის დანარჩენი საქართველოსკენ მიმავალი გზის დაკეტვის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლებამ ადგილობრივ პენსიონერებს და სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს გარკვეულ პერიოდში მაინც მისცა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება. თუმცა, ახალი კორონავირუსის გავრცელების დაწყების შემდეგ, ეს შესაძლებლობაც შეუწყვიტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button